ქართველმა სუმოისტებმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოს მე-12 დღე გამარჯვებებით დაასრულეს.
სასიხარულოა, რომ ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-5 მოგება იზეიმა და თუკი დარჩენილი 3 ბრძოლიდან ერთში მაინც იმარჯვებს, სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) დარჩენა გარანტირებული აქვს, ეს კი, დიდი წარმატება იქნება.
აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორმა აკი ბაშოზე 5 მარცხის წილ მე-7 მოგება აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტამავაშისთან გაიფორმა. ჩვენებურმა მონღოლი სუმოისტი იორიკირით დაჯაბნა.
ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) გაფორმების შანსი მომდევნო შერკინებაშივე აქვს, როდესაც აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იკიოის დაეჭიდება. თანაც, ქართველი მას ურთერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.
საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელს მე-12 საშეჯიბრო დღემდე ერთადერთი მარცხი ჰქონდა, ამჯერად კი, დასავლეთის პირველ მაეგაშირა იოშიკაძესთან წაააგო. იკიოის 10 მოგება და 2 წაგება აქვს და “იმპერატორის თასის” მოგების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სექტემბრის სუპერტურნირზე პირველად წაიფორხილა აღმოსავლეთის ოძეკი ტერუნოფუჯიმ. მას ზედიზედ 11 მოგება გააჩნდა, აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩიოძანთან კი იორიკირით დამარცხდა.
იკოისთან ერთად, ტერუნოფუჯის უახლოესი მდევარი იოკოძუნა კაკურიუა, რომელმაც მე-10 მოგება დასავლეთის ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა.
მცირე ჩავარდნის შემდეგ, გამარჯვებათა გზას დაუბრუნდა გაგამარუ, რომელმაც დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოოტორი ოკურიდაშით დაჯაბნა და თანაბარ ბალანსზე (6 მოგება, 6 მარცხი) გავიდა.
იოლი გამოსათვლელია, რომ ქართველ გოლიათს კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად, დარჩენილი 3 ბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება მართებს.
აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუ სექტემბრის სუპერტურნირის მე-13 დღეს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კიტატაიკის გაეჯიბრება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გააჩნია.
სექტემბრის ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა - 2:02-დან, ტოჩინოშინის - 6:15-დან