ფეხბურთი

1:03 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძისა და თარგამაძის გოლები - კაშიას წითელი

გურამ კაშიამ გოლებიდან წითლელ ბარათზე გადაინაცვლა - ჰოლანდიის თასის მეორე ეტაპზე არნემის “ვიტესმა” ალმელოს "ჰერაკლესთან" დამატებით დროში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. არნემელები იგებდნენ, თუმცა 90-ე წუთზე გოლი გაუშვეს და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. მანამდე, 3 წუთით ადრე კი ორი ყვითელი ბარათის გამო კაშია, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედნიდან გააძევეს. დამატებულ 30 წუთში კი "ვიტესმა" სამი უპასუხო გოლი გაუშვა. კაშიას მსგავსად სასტარტოში გახლდათ ვაკო ყაზაიშვილიც.

ბელგიაში “გენკმა” “დესელს” 5:2 მოუგო. მასპინძელთა შორის თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია არ გამოჩენილან.

უკრაინის თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში დავით თარგამაძემ, რომელიც “ოლექსანდრიას” ღირსებას იცავს, თავის გამოჩენა შეძლო. ქართველი შემტევი “ზირკასთან” გასვლით მატჩში სასტარტო შემადგნლობაში იყო და 44-ე წუთზე მეტოქის კარის აღებაც შეძლო. ეს თარგამაძის პირველი გოლია “ოლექსანდრიაში” დაბრუნების შემდეგ. 26 წლის ფეხბურთელმა მინდორზე 75 წუთი გაატარა, მატჩი კი ფრედ (1:1) დასრულდა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე ეტაპზე ჯაბა ლიპარტიას “ზორია” ხარკოვის “ჰელიოსს” ეწვია და 2:0 დაამარცხა. ლიპარტია ძირითად შემადგენლობაში იყო და არც შეუცვლიათ.

ისევ არ უთამაშია სანდრო კობახიძეს, რომელიც ტრავმირებულია. მისმა “ვოლინმა” კი “მიხოლაივი” მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კვლავ წააგო “დუისბურგმა”. “ზებრები” ამჯერად ბრაუნშვაიგის “აინტრახტთან” 0:5 განადგურდა. მოედანზე მე-60 წუთზე (როცა ანგარიში 0:2 იყო) გამოჩნდა მასპინძელთა ქართველი მცველი ლაშა დვალი, რომელმაც ბრანიმირ ბაიჩი შეცვალა. დუისბურგელთა მეორე ქართველს, გიორგი ჭანტურიას არ უთამაშია, რადგან გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ქართველების გუნდი 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

რუსეთის თასის 1/16 ფინალში სამარის “კრილია სოვეტოვმა” “ტამბოვი” სტუმრად 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სამარელთა ახალწვეული ქართველი მეკარე გიორგი ლორია განაცხადში არ იყო. გიორგიმ კლუბთან კონტრაქტი სამი დღის წინ გააფორმა და აღნიშნული ფაქტი დიდად გასაკვირი არც ყოფილა.

ჯანო ანანიძის “სპარტაკმა” კი მის გარეშე ნიჟნი-ნოვგოროდის “ვოლგა” 7:0 გაანადგურა. ჯანო ტრავმირებულია და ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

თურქეთის თასზე “რიზესფორმა” შინ “ადლიესფორს” 2:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მასპინძელთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა ნიკა ძალამიძემ.

ალექსანდრე ამისულაშვილი “ქარშიაკა” სტუმრად “კურტალანსფორს” გაეჯიბრა და თამაში ბოლო წუთზე შეწყდა, როცა სტუმრები 3:1 იგებდნენ. ამისულაშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ფინეთის ვაიკაუსლიგაში გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ. 32 წლის ფორვარდმა “იაროსთან” (1:1) გასვლით მატჩში თავისი გუნდი 37-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა. ირაკლიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ეს კი მისი მეოთხე გოლია 27-ე შეხვედრაში. “კუპსი” 29 ტურის მერე 37 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.11941