საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „დუისბურგთან“ 1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. როგორც worldsport.ge-თან საუბრისას ფეხბურთელმა განაცხადა, მას შემოთავაზებები რუსეთიდან და უკრაინიდან ჰქონდა, კარიერული მიზნების გამო კი „დუისბურგში“ თამაში არჩია.
„მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად „დუისბურგის“ ფეხბურთელი გავხდი. მომდევნო კვირას ჩემ დებიუტს მოუთმენლად ველი. გუნდის მიზანი მეორე ბუნდესლიგაში დარჩენაა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარო. გერმანულ გუნდში უკვე მესამე კვირაა რაც ვარჯიშობ, აქ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება და ეროვნულ ნაკრებს უფრო მეტად გამოვადგები. „კლუჟიდან“ და „ვერონადან“ საბუთებს ველოდებოდი, რათა ახალ გუნდთან საბოლოოდ გამეფორმებინა ხელშეკრულება. მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან და უკრაინიდან, თუმცა გერმანიაში ასპარეზობა ვარჩიე, რადგან „დუისბურგი“ კარიერული ტრამპლინისთვის მშვენიერი გუნდია.“ - განუცხადა worldsport.ge-ს ჭანტურიამ.
„დუისბურგმა“ მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურში შინ „ბრაუნშვაიგთან“ 0:5 წააგო. ლაშა დვალი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდ და დარჩენილ დროში მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს. გუნდი რთულ მდგომარეობაშია, რადგან რვა ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე 2 ქულით იმყოფება.