გიორგი ცინცაძემ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფრანგულმა უმაღლესლიგელმა “გრაველინმა” მიიწვია. ცინცაძე ახალ კლუბში 1 კვირის წინ გაემგზავრა და პირველ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.
“გრაველინი” ამხანაგურ მატჩში “ორლეანს” შეხვდა და 55:77 დამარცხდა. როგორც ფრანგული კლუბის ვებ-გვერდი იუწყება, ცინცაძე და კლუბის მეორე ახალწვეული უენ მუკუბუ შეთამაშების პროცესში არიან და ეს მატჩი მათ კარგად გამოიყენეს. მუკუბუ 12 ქულით ბომბარდირი გახდა, ხოლო ცინცაძე 6 შედეგიანი გადაცემით – გრაველინელთა საუკეთესო მეპასე.
საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი ოქტომბერში იწყება. გრაველინელები პირველ ტურში 2 ოქტომბერს “რუანს” დაუპირისპირდებიან, თუმცა მანამდე მონაწილეობას მიიღებენ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში. 23 სექტემბერს “გრაველინი” საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში “შალონს” შეხვდება.