კალათბურთი

22:27 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოტე  ტუღუში: ,,თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით არა“

დასრულდა ვაჟ კალათბურთელთა შორის ევრო-2015-ის ფინალური ეტაპი, რომლის 24 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც იმყოფებოდა. საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მოასპარეზე ქართველმა კალათბურთელებმა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ცუდად დაიწყეს. ბოლო შეხვედრებში თამაშის ხარისხი გამოასწორეს, ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, მაკედონიის ნაკრები დაამარცხეს და მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც მომავალ ფინალისტ ლიტვას დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დროის განმავლობაში ქართველი კალათბურთელები ლიდერობდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს, 81:85 დამარცხდნენ და აპარეზობას გამოეთიშნენ.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ თანაშემწე კოტე ტუღუშთან, რომელიც პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,ქუთაისი-2010’’-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

-კმაყოფილი ხართ ევო-2015-ზე საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშით?

-თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგს კი უკეთესს ვიმსახურებდით. ლიტვასთან მერვედფინალში თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე ვლიდერობდით, მაგრამ მატჩის ბოლოს დაშვებულმა შეცდომებმა მეოთხედფინალის მიღმა დაგვტოვა.

-რა შეცდომები გაქვთ მხედველობაში?

-დავიწყოთ იმით, რომ მერვედფინალში პირველად ვთამაშობდით და გამოუცდელები ვიყავით, რასაც ვერ ვიტყვით ლიტვაზე, რომელიც ნებისმიერი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. რაც შეეხება შეცდომებს, რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი. მაშინ, როცა ექვსი ქულის სხვაობით ვლიდერობდით, პულენმა მარტივი სიტუაციიდან ბურთი კალათში ვერ მოათავსა. მისი შეტევა რომ შედეგიანად დამთავრებულიყო, 8 ქულით დავწინაურდებოდით და არავინ იცის , მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

-ზოგადად, ჯეიკობ პულენის თამაშით თუ ხართ კმაყოფილი?

-ცუდად არ უთამაშია, მაგრამ უკეთესს ველოდით.

-სამწუხაროდ, ლიტვასთან შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ მეხუთე ჯარიმის გამო მოედანი ვადაზე ადრე დატოვა და ბოლო წუთებში თანაგუნდელებს ვეღარ დაეხმარა.

- ოთხი ჯარიმის შემდეგ რატომ არ გაიყვანეთ შენგელია მოედნიდან, რათა ბოლო წუთებისთვის შემოგენახათ?

-ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვასწარით.

-როცა მეტოქე ფართან მარტო იყო, თორნიკეს შეეძლო იგი გაეტარებინა და ჯარიმა აეცილებინა. თქვენი აზრით, ასე ხომ არ აჯობებდა?

- გეთანხმებით, მაგრამ მე პატივს ვცემ შენგელიას გადაწყვეტილებას, რომელსაც იმ მომენტში ბრძოლის ჟინმა უბიძგა და შეეცადა მეტოქისათვის წინააღმდეგობა გაეწია.

-რას გვეტყვით ჰოლანდიასთან შეხვედრაზე , სადაც ფავორიტად საქართველოს ნაკრები ითვლებოდა?

-ვიცოდით, რომ ჰოლანდია ჯგუფიდან გასვლისათვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათთან შესახვედრად სპეციალურად ვემზადებოდით. მოულოდნელად პროგნოზის საპირისპიროდ მეტოქისაგან სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდით. დიდი მცდელობის შემდეგ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის გადასარჩენად დრო აღარ გვეყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შეხვედრაში მეტოქეს თითმის ყველაფერი გამოსდიოდა.როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჰოლანდია ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოდგა და ყველა მეტოქეს ბოლომდე შეებრძოლა.ამ ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ კალათბურთის დონემ საკმაოდ აიწია. ჰოლანდიის მსგავსად ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ისლანდიამ რომელიც ე.წ. ,, სიკვდილის’’ ჯგუფში გამოდიოდა, მეტოქეებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. თავიანთ ჯგუფებში ასევე დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ მომავალი ფინალისტები ესპანეთი და ლიტვა.

-ამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდიდან ვის გამოარჩევდით?

-რა თქმა უნდა , დუდა სანაძეს, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა კარგად ჩაატარა.

-რას გვეტყვით ნიკა მეტრეველისა და ბესიკ ლეჟავას შესახებ, რომლებსაც გამოცდილებას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თუმცა მთავარი მწვრთნელი მათ იმ მომენტებშიც კი არ ენდო, როცა მატჩის ბედი რამდენიმე წუთით ადრე უკვე გადაწყვეტილი იყო? კოკოშკოვი თუ მათ არ ენდობოდა, ხომ არ აჯობებდა ამ კალათბურთელების ნაცვლად პერსპექტიული მოთამაშეები წაეყვანა, გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ?

-გამოცდილების მისაღებად შეკრებაზე ახალგაზრდა კალათბურთელები გოგოძე და ჯანელიძე გამოვიძახეთ, რაც შეეხება მეტრეველსა და ლეჟავას, მათ ადგილას გამოუცდელი მოთამაშეების წაყვანა შეცდომა იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკრების რომელიმე წევრი ტრავმას მიიღებდა, ლეჟავა და მეტრეველი მათ შეცვლიდნენ.

-ჩვენი აზრით, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ნაკრების მიღმა დარჩენილ ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ NBA-ში დაბრუნდა.

-კალათბურთელების ნაკრებში გამოძახება მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა და მაგ კითხვაზე მოპასუხედ არ გამოვდგები.

-თქვენ რომ იყოთ მთავარი მწვრთნელი, ცქიტიშვილს ნაკრებში გამოიძახებდით?

-რა თქმა უნდა, გამოვიძახებდი.

-თქვენ როგორ აფასებთ ნაკრებში კოკოშკოვის მუშობას ?

-დადებითად. იმ წარმატებაში, რასაც ჩვენმა ნაკრებმა მიაღწია, კოკოშკოვს დიდი წვლილი მიუძღვის.

-ფედერაციამ როგორ შეაფასა ნაკრების გამოსვლა ,,ევრო-2015’’-ზე?

-დადებითად.

-თუ განიხილება ნაკრების მთავარ მწვრთნელად კოკოშკოვის დარჩენის საკითხი?

-არ ვიცი.

-ბოლოს ,, ქუთაისი-2010“-ზეც გკითხავთ. რა შედეგს გეგმავთ მომავალ 2015-2016 წლების სეზონში?

-რა თქმა უნდა, ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ.

0.126137