საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2015 წლის მსოფლიო თასის სადებიუტო მატჩში ტონგას 17:10 ძლევით სარეიტინგო მონაგარს 3,26 ქულა შემატა და ორი კვირის წინ კანადასა და იაპონიასთან მარცხით დაკარგული მე-13 ადგილი დაიბრუნა.
იყო შესაძლებლობა იმისა, რომ “ბორჯღალოსნები” აქამდე არნახულ მე-12 ადგილამდე აღზევებულიყვნენ, მაგრამ იაპონიამ უდიდესი სენსაცია რომ გამოაცხო და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 34:32 სძლია, ერთბაშად 4 სარეიტინგო ქულა მიიღო და მე-11 ადგილამდე აღზევდა. ახლა ქართველების წინ შოტლანდიის ნაკრებია, რომელსაც მიმდინარე მსოფლიო თასზე ჯერ არ უთამაშია, მის უკან კი ჩვენს მიერ ძლეული ტონგა.
სამხრეთ აფრიკამ ზემოთნახსენები მარცხით ერთბაშად სამი ადგილით დაიხია უკან და ახლა მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მას ევროპულმა სამეულმა - ინგლისმა, უელსმა და ირლანდიამ გადაასწრო, რომელთაც თავიანთი მატჩების მოგებით ვერაფერი მიიღეს, მაგრამ “ბოკეს” დანაკარგი ძალიან დიდი იყო.
ათეულს დაუბრუნდა სამოა, რომელმაც აშშ-ს 25:16 მოუგო და 1,04 სარეიტინგო ქულა მიიღო. ახლა მსოფლიო თასზე შესვენებაა, თამაშები 23 სექტემბრიდან განახლდება და რეიტინგში ცვლილებები მომავალ ორშაბათსაც მრავლად იქნება.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 21 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,89
2 (2). ავსტრალია 86,67
3 (4). ინგლისი 85,04
4 (5). უელსი 84,63
5 (6). ირლანდია 84,40
6 (3). სამხრეთ აფრიკა 81,15
7 (7). საფრანგეთი 81,12
8 (8). არგენტინა 78,39
9 (9). ფიჯი 77,04
10 (12). სამოა 76,18
11 (13). იაპონია 76,06
12 (10). შოტლანდია 75,88
13 (16). საქართველო 72,62
14 (11). ტონგა 72,43
15 (14). იტალია 70,53
16 (15). აშშ 69,32
17 (17). რუმინეთი 66,28
18 (18). კანადა 65,17
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (20). ნამიბია 61,85
...