საკალათბურთო კლუბმა „ვითამ“ თურქეთში ორი ტესტი ჩაატარა, მოწინააღმდეგე კი თურქეთის უმაღლესი ლიგის (BSL) წარმომადგენელი „იესილგირესუნი“ გახლდათ.
ვითელთა ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: “მეტოქე სოლიდურად იყო დაკომპლექტებული. „იესილგირესუნის“ შემადგენლობაში არიან ამერიკელები (კრის ჯოუნსი, რეიმელ ბრედლი, დორონ პერკინსი, დევიდ ლოური, ტონი კროკერი), ნიგერიის ნაკრების ცენტრი ჯელილ აკინდელე, მაკედონიელი კრისტიან ნიკოლოვი, ლიტველი დეივიდას დულკისი. კლუბში რამდენიმე ძალიან კარგი თურქიც თამაშობს.
„ვითა“ თურქულ ტურზე ტრავმირებული ირაკლი ჩლაიძის გარეშე ჩავიდა. ირაკლი სეზონისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
„ვითას“ სასტარტო ხუთეული პირველ ტესტში - რალსტონ ტერნერი, პიერია ანრი, მიხეილ ბერიშვილი, დარიუს კარტერი, კონსტანტინ ანიკეენკო.
პირველი ტესტი უკეთ თურქულმა კლუბმა დაიწყო. რამდენიმე სამიანი ჩააგდო კროკერმა, „ვითა“ გადიოდა აკლიმატიზაციას და პროცესში, რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პირველ მეოთხედს 20:26 ვაგებთ.
„ვითას“ მწვრთნელებმა ყველა ათამაშეს. არ დაიტვირთა რალსტონ ტერნერი, რომელმაც ლიმიტირებული დრო (7 წუთი) მიიღო და ამ პერიოდში 1 სამიანი გამოიყენა. 19 ქულა დააგროვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა. ხუთიდან სამი ზუსტი სამიანი, 7/6 საჯარიმო, 3 მოხსნა – ბერიშვილმა ტესტი კარგი სტატისტიკით დაასრულა.
19 ქულას იღებს ჩვენი ფორვარდი დარიუს კარტერი. აკურატული სროლა თამაშიდან (12/6), 6 მოხსნა და კარტერზე თურქულმა კლუბმა ბევრი პერსონალური მიიღო.
ძალიან კარგად შევიდა თამაშში მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც არასრულ 27 წუთში 9 ქულას იღებს. ბოქოლიშვილი გოოგეს ფორმაციაში ერთ-ერთ სანდო მოთამაშედ რჩება. ახალი როლი, ახალი დატვირთვები - საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი მზად არის ამ გამოწვევებისთვის.
საბოლოოდ, „იესილგირესუნმა“ 90:85 მოიგო. და „ვითამ“ 14/8 სამიანი გამოიყენა, 32 საჯარიმოდან - 21 და კარგი პროცენტით შეასრულა სროლები საშუალო მანძილიდან (32/20, 58 %).
„ვითას“ სასტარტო ხუთეული მეორე ტესტში - მერაბ ბოქოლიშვილი, პიერია ანრი, მიხეილ ბერიშვილი, ლევან შენგელია, კონსტანტინ ანიკეენკო.
მეორე შეხვედრაში თითქმის იდეალური პროცენტით ისვრის თამაშიდან ანრი. 9/7 საშუალოდან, 4/3 -სამიანი და პარალელურად, რამდენიმე ეფექტური პასი.
პირველ ტაიმში თურქულ კლუბს აქვს ძალიან მაღალი პროცენტი თამაშიდან ზუსტ სროლებში და ერთ-ერთ ეპიზოდში „იესილგირესუნის“ უპირატესობა 20 ქულამდე ავიდა.
„ვითამ“ შეამცირა სხვაობა და მესამე მეოთხედის დასაწყისში მხოლოდ 7 ქულას ვაგებთ (48:55). ეს 10:0 გაქცევის შემდეგ მოხდა.
თურქულმა კლუბმა მოიგო ტესტი 88:76 და „ვითამ“ მეორე თამაშიც 8 ზუსტი სამიანით დახურა.
ჩვენ კლუბს მაქსიმალურად კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს და ორ დღეში ორი ტესტ-მატჩის ჩატარება კარგად ჯდება „ვითას“ მთავარი მწვრთნელის, პაველ გოოგეს გეგმებში.
პაველ გოოგე: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ვითას“ გენერალურ დირექტორს, ლევან მიქელაძეს. თურქეთში ლევანს დიდ პატივს სცემენ და მაქსიმალურად კარგი, კომფორტული პირობები შეგვიქმნეს. ეს შეკრება აუცილებელი იყო. თურქეთში ჩავდივართ, როგორც ნორმალური მოთამაშეების ჯგუფი და ჩამოვდივართ, როგორც ოჯახი. თბილისში არ გვქონდა დრო დაცვაში თამაშზე რომ სრულყოფილად გვემუშავა. ოდნავ გვიან შემოგვიერთდნენ ამერიკელები და პროცესში, ყველაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ ვასწრებდით. „ვითა“ დაიხვეწება. მსიამოვნებს ამ ჯგუფთან ერთად ყოფნა, ამ მოთამაშეებთან მუშაობა და ეს პროცესი გრძელდება. ნიჭით, „ვითა“ ამ თურქულ კლუბზე წინ არის. ბევრად წინ. წაგებული თამაშებიდან შედეგზე უფრო თამაშის ხარისხი და ჩემთვის საინტერესო რამდენიმე ნიუანსი მაინტერესებდა. კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც მაქსიმალურად ყურადღებით აკეთებდნენ ყველაფერს. ვაგრძელებთ მზადებას VთB ლიგისთვის“.
იესილგირესუნი – ვითა 90:85 (26:20, 29:23, 12:16, 23:26)
ვითა: კარტერი (19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი), ბერიშვილი (19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი), ანიკეენკო (9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა), ანრი (9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი), ბოქოლიშვილი (9 ქულა, 3 მოხსნა), ლევან შენგელია (8 ქულა, 2 მოხსნა), წივწივაძე (4 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა), ტერნერი (3 ქულა), რევაზაშვილი (3 ქულა), ბითაძე (2 ქულა, 2 მოხსნა), ზაქრაძე, მაისურაძე.
იესილგირესუნი - ვითა 88:76 (19:11, 27:20, 12:20, 30:25)
ვითა: ანრი (26 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), ტერნერი (15 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი), კარტერი (14 ქულა, 3 მოხსნა), ბოქოლიშვილი (7 ქულა, 1 პასი), ანიკეენკო (7 ქულა, 6 მოხსნა), ლევან შენგელია (2 ქულა, 3 მოხსნა), ბითაძე (2 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი), რევაზაშვილი (2 ქულა), ბერიშვილი (1 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), მაისურაძე, ზაქრაძე, წივწივაძე.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, "ვითა" თბილისის სპორტის სასახლეში "ოლიმპს" შეხვდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ თავის გამოჩენის შანსი ყველას მისცა. პირველ ხუთეულში იდგა გოგა ბითაძე, რომელმაც დიდ შესვენებამდე 7 მოხსნა დააგროვა.
საინტერესო გუნდია "ოლიმპიც", რომელიც ოდნავ შეიცვალა და კლუბმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა. "ოლიმპში" გადავიდნენ რეზო როგავა და რეზო დიდია.
"ვითამ" მოიგო პირველი მეოთხედი 25:16 და ამ პერიოდში 5 ქულა და 5 მოხსნა აიღო ფორვარდმა დარიუს კარტერმა.
მეორე მეოთხედში გოოგემ დაასვენა ლეგიონერები და "ოლიმპმა" ეს ათი წუთი 19:11 მოიგო.
დიდი შესვენების შემდეგ "ვითამ" დაუშვა შეცდომებიც, მაგრამ ბოლო მეოთხედში 21:7 დააფიქსირა და საბოლოოდ, 77:68 მოიგო.
"ვითაში" კარგი სტატისტიკით დაასრულა ტესტი კარტერმა (11 ქულა, 15 მოხსნა). მერაბ ბოქოლიშვილი - 9 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
საინტერესოა, რომ თბილისური კლუბი მომდევნო სპარინგ-მატჩებს ისევ სპორტის სასახლეში 26-27 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი სტამბოლის “ბეშიქთაში” იქნება.