ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-8 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მე-5 გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კი მე-3 მოგება მიითვალა.
აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კაისეის ოშიდაშით სძლია, მისი შემდეგი მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიეიშო იქნება.
იორიკირით იზეიმა გამარჯვება ტოჩინოშინმა, რომლის მეტოქეც დასავლეთის მე-2 მაეგაშირა სადანოფუჯი გახლდათ. ქართველ გოლიათს, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირს აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში შეხვდა, ტურნირის მე-9 დღეს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა სადანოუმისთან ჭიდილი ელის.
აკი ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად ოძეკი ტერუნოფუჯი რჩება, რომელსაც რვავე ორთაბრძოლა მოგებული აქვს, მისი მდევრები კი იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკი კისენოსატო და აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იკიოი არიან, რომელთაც 7-7 გამარჯვება აქვთ.