ფეხბურთი

20:54 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” სამი ქულა ბრძოლაში მოიპოვა”

ტრადიციული, ქარიანი ამინდით დაუხვდა ქუთაისი ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა კლუბმა ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. რიონსპირელთა დერბი ყოველთვის საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. მათ შორის ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რადგანაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ქულები ორივე გუნდს ჰაერივით ჭირდება. საფეხბურთო დუელს დაწყებამდე მონაწილე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ახლადგარდაცვლილ მწვრთნელს, წარსულში, ქუთაისის “ტორპედოს” თავკაცის თეიმურაზ კოხრეიძის ხსოვნას.

მატჩის სადებიუტო წუთებმა მშვიდად ჩაიარა. პირველი სახიფათო დარტყმა მე-11 წუთზე შედგა მასპინძელთა შესრულებით, როდესაც დათა სიჭინავამ შორეული საჯარიმო დარტყმით მცირედით აანერვიულა ზღვისპირელთა კიპერი, რომელმაც მუშტებით მოიგერია ბურთი. ამას ფოთელთა საპასუხო, მწვავე იერიშები მოჰყვა. ჯერ კილასონიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ნიკა სიჭინავა იყო ვალდებული თავით ახლოდან გაეტანა, მაგრამ ფორვარდს სიზუსტემ უმტყუვნა. მან აშკარად უხეიროდ შეაგება ბურთს თავი, ხოლო მეორედ კაკულიას ძლიერი დარტყმა რევაზ თევდორაძემ მუშტებით უკუაგდო.

მოვლენების ასეთი განვითარება გიორგი დარასელიას შეგირდებისათვს მიუღებელი გახლდათ, ამიტომაც ისინ შეეცადნენ შეძლებისდაგვარად მარწუხებში მოექციათ მეტოქე. 22-ე წუთზე ფოთელ მცველებს დასწრებაზე აჯობა კვერნაძემ, რომელმაც ბურთი საჯარიმოში კარგად შეიგდო და ცაციათი ძლიერად დაარტყა. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ კოლხთა კარის დარაჯმა სეფიაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა. ქუთაისელთა გააქტიურების პარალელურად, უქმად არც სტუმრები ყოფილან, რომელთა ნახევარმცველმა კაკულიამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაჰკრა ცაციათი და რევაზ თევდორაძეს საკუთარი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდა იმისათვის, რათა ნახტომში ბურთი მოეგერებინა. ცოტა ხანში კოლხებს ისევ მიეცათ კარგი შანსი, როდესაც ხიფათი ისევ მარჯვენა ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, როდესაც თავით დარტყმას გიგაური ცდილობდა. მერაბს ეს არ გამოუვიდა, თუმცა ბურთი კაკულიას მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაჰკრა და ქუთაისელთა კარი ძელმა იხსნა.

37-ე წუთზე შეხვედრაში მოხდა ფაქტი, რომელმაც პაექრობას ჩრდილი მიაყენა. გვერდით ხაზთან ერთმანეთში წაკინკლავდნენ ქუთაისელი კვერნაძე და ფოთელი კილასონია, რომლის დროსაც მასპინძელთა ფორვარდმა ფეხი დააბიჯა წაქცეულ მოწინააღმდეგეს. საპასუხოდ, კილასონია წამოხტა და ტანმაღალ კვერნაძეს მუშტი უთავაზა და ფორვარდი წაიქცა. მატჩის არბიტრმა სიტუაციის განსამუხტავად მოპაექრეებს წითელი ბარათი უჩვენა და გუნდები მოედანზე 10-10 კაცთ დარჩნენ. ტაიმის ბოლომდე მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და პირველი ნახევარი უგოლოდ მორჩა.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა აქტიურობით დაწყო და ქიმაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ფოთელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი, მაგრამ სეფიაშვილი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 53-ე წუთზე ისევ ქიმაძე და სეფიაშვილი აღმოჩნდნენ მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც ქუთაისელთა განაპირა მცველმა მოხდენილად დაარტყა. ბურთი უცნაური ტრაექტორიით წავიდა და სტუმართა კარის დარაჯმა მარტივი მოძრაობით ბურთი კუთხურზე გადააგდო. თითქმის მაშინვე, ფოთელთა მცველმა ჩაკვეტაძემ იხსნა საკუთარი გუნდი, როდესაც მათ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა კეთდებოდა. რომ არა, მცველის თავგანწირული თამაში, მეკარის საჯარიმოსთან ჩასაფრებული კაპანაძე აუცილებლად თავს გამოიჩენდა. რამდენიმე წუთში “ელვამ” კი დაარტყა საჯარიმოს ხაზდან, მაგრამ კოლხთა მეკარე ადგილზე დახვდა ბურთს.

ქუთაისელთა დიდი სათამაშო უპირატესობა მე-60 წუთზე გოლად გარდასახა გიორგი კუხანძემ, რომელმაც საგოლე კომბინაცია კაპანაძესთან გაითამაშა და საჯარიმოს შიგნიდან ზუსტი დარტყმით სეფიაშვილს კარის გადარჩენისშანსი არ დაუტოვა. გატანილი გოლი ძალიან ლამაზი და დინამიური შეტევის შედეგად გავიდა, რამაც სტადიონზე შეკრებილ ქუთაისელთა ქომაგებს დიდი სიამოვნება მოჰგვარათ - 1:0.

გოლის გაშვების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა ქუთათურები საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებით პასუხობდნენ მოწინააღმდეგეს. კარგად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ფორვარდი შინდაგორიძე, რომელმაც რამდენიმე კარგი რეიდი მოაწყო და სიტუაციის გამწვავება ცადა მოწინააღმდეგის კართან. მთელ მატჩად ღირდა ის სოლო რეიდი, რომელიც 79-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გააკეთა. ქუთაისელთა მცველმა საკუთარი ნახევრიდან წამოიღო ბურთი, გზად ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ოსტატურად ცადა გატანა, მაგრამ სეფიაშვილმა ისევ დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა. ცოტა ხანში ქუთაისელთა მრავალსვლიანი კომბინაცია, რომელშიც ოდიკაძე-ბაბუნაშვილი-კლიმიაშვილი მონაწილეობდნენ კაპანაძის ეფექტური დარტყმით დასრულდა, მაგრამ სეფიაშვილი ამჯერადაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

პირველი ტაიმისაგან განსხვავებით სტუმრები შედარებით ინერტულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ თამაშის ეპილოგში, მათ მაინც მიეცათ გათანაბრების შანსი. კოლხთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გურეშიძემ დროულად უპასა პოლულიახს, რომელმაც შეუჩერებლივ დაჰკრა საპენალტე ნიშნულიდან. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რევაზ თევდორაძემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და საკუთარიკარი აშკარა გოლისაგან იხსნა. ცოტა ხანში კოშკაძე დაემუქრა შორეული დარტყმით მეტოქის კარს, მაგრამ ბურთი ხარიხას ზემოდან გადაცდა. ფოთელთა მცდელობებს მასპინძლებმა კარგი კონტრშეტევებით უპასუხეს. წესით ქუთათურები ვალდებულნი იყვნენ ორამდე გაეზარდათ ანგარიში, მაგრამ თავდაპირველად კაპანაძემ, ხოლო შემდეგ შინდაგორიძემ გაუშვეს სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში ნორმალური დარტყმა რომ განეხორციელებინათ ფორვარდებს “ტორპედოს” ფანები უფრო გულდამშვიდებულები დაასრულებდნენ შეხვედრის ყურებას.

“ტორპედო” – “კოლხეთი” 1:0 (0:0)

20 სექტემბერი. 18:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 3000 მაყურებელი

“ტორპედო”: თევდორაძე, ტაბატაძე (ოდიკაძე, 72), დათა სიჭინავა (შინდაგორიძე, 61), მამასახლისი, ნერგაძე, კლიმიაშვილი, ქიმაძე, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი, 81), კვერნაძე, კაპანაძე, ჭიჭინაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ქებურია, გურეშიძე, ლემონჯავა (გოჩა კვარაცხელია, 84), კაკულია (ჟიშკარიანი, 64), გიგაური, კოშკაძე, ნიკა სიჭინავა (პოლულიახი, 69).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლი: 1:0 კუხიანიძე (60).

გაფრთხილება: გიგაური (20), ქებურია (85).

გაძევება: კილასონია (37), კვერნაძე (37)

არბიტრი: ლაშა სილაგავა

0.122223