ფეხბურთი

17:00 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ებრალიძე  გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომას არ დაესწრო

გურიის ფეხბურთის ფედერაციამ დღეს ახალი გამგეობის სხდომა მოიწვია, სადაც ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატად იური ჩხაიძე წარადგინა.

სხდომას არ ესწრებოდა გურიის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე. გამგეობის წევრების განცხადებით, ებრალიძე აღნიშნული სხდომის ჩატარების შესახებ, ორი დღით ადრე იყო ინფორმირებული.

გამგეობის წევრების თქმით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ცდილობს ხელოვნური ბარიერი შექმნას, რათა გამგეობის წევრებს დელეგატის წარდგენა ვერ მოეხერხებინათ. გურიის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებით, მან სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ შეიტყო.

ებრალიძის თქმით, თუ პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას, მას ლეგიტიმაცია არ ექნება.

"რამდნეიმე საათის წინ გავიგე, რომ ეს სხდომა ჩაატარეს. მე არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ისინი ამბობენ, რომ მესიჯი მომწერეს, მე თბილისში ვიმყოფები. ტრიბუნალასაც არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ გამგეობის წევრებს ჩაეტარებინათ ეს სხდომა და თავისთავად, თუ პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას, მას ლეგიტიმაცია არ ექნება. ისინი მესამედ ატარებენ ამ სხდომას, დრო კიდევ აქვთ, ალბათ, სამჯერ კიდევ ჩაატარებენ. არ ვიცი, რა ამოძრავებთ მათ. ხომ უნდა დაელოდონ ადამიანს? იქნებ მე ვიწვევ სხდომას, მეც ვაპირებ კანდიდატის წარდგენას?! ჯერ დრო არის., ისინი კი ძალიან ჩქარობენ. იური ჩხაიძის კანდიდატურა არალეგიტიმური იყო მაშინაც და დღესაც. მე მყავდა კანდიდატი წარდგენილი - ეს არის გოჩა ტყებუჩავა. მე მას ვუჭერ მხარს და არა მათ კანდიდატს. ტრიბუნალმა ორივე კანდიდატი გააუქმა, მაგრამ ეს სადაო საკითხია. ამაზე აუცილებლად ვიდავებთ“,- განაცხადა კახა ებრალიძემ.

წესდების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტი ვალდებული იყო დღევანდელ სხდომაზე გამოცხადებულიყო.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა, 17 სექტემბერს, გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გოჩა ტყებუჩავას დელეგატობა გაუუქმა.

ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, გამგეობის სხდომა 2015 წლის 23 სექტემბრამდე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო წარდგენილი კანდიდატურის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცება, წესდების შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბერს უნდა მოხდეს.

Pia.ge

0.109559