საქართველოს მორაგბეთა XXV ჩემპიონატის მე-8 ტურში ლიდერმა ბოლნისის “ყოჩებმა” პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ მდევართან უპირატესობა მაინც გაზარდა.
ქვემოქართლელებმა “ბათუმს” თბილისში უმასპინძლეს და პირველსავე წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ ირაკლი გეგენავამ ძელებს უკან რომ განიზრახა ბურთის დამიწება კიდით ხაზს ფეხი დააბიჯა და გუნდმაც ნაღდი 5 ქულა დაკარგა. მერე სტუმრებმა “ყოჩები” კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და მარჯვენა ალამთან კვერნაძემ ლელო გაიტანა. კობახიძეს გარდასახვა გაუფუჭდა. ბოლნისელები ბურთს აკონტროლებდნენ და ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ზღვისპირელები 22-ში კარგად იცავდნენ თავს.
ტაიმის შუაში “ბათუმმა” კონტრშეტევით მასპინძელთა 22-ში შეაღწია, იქ მეტოქეს დერეფანში თამაშისას დაშვებული შეცდომა არ აპატია და აზალაძემ ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თამაში რომ განახლდა, გოგიშვილი და აზალაძე წაკინკლავდნენ და რეფერიმ ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და “ბათუმი” შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში “ყოჩებმა” წნეხი გააძლიერა და სოხაძემ არეკნით სცადა ქულების აღება. მისი დარტყმა არაზუსტი იყო, მაგრამ 50-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ორიოდე წუთში ირაკლი გეგენავამ მოედნის ცენტრში მოკლე მონაკვეთში ცრუმოძრაობებით სამი მცველი ჩამოიშორა, მერე მეოთხესაც დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა შეასრულა. 56-ე წუთზე სოხაძემ ჯარიმით “ყოჩები” წინ გაიყვანა, მაგრამ კობახიძემ არეკნით “ბათუმს” ლიდერობა დაუბრუნა.
69-ე წუთზე გეგენავამ მარჯვენა ფლანგზე შექმნილი სივრცით ისარგებლა, მცველებს გაექცა და ლელო ძელებს უკან გაიტანა, სოხაძემ კი გარდასახვით ანგარიში 20:15 გახადა. “ბათუმი” არ გატყდა, დაახლოებით 4-წუთიანი იერიშით ბოლნისელების დაცვა მოარღვია, ნინიძემ ფეხით ჩაკიდებული ბურთი ჩათვლის მოედანში დაიჭირა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით ბათუმელებს ლიდერობა დაუბრუნა. კობახიძემ 79-ე წუთზე მატჩში მეორე არეკნი გაიტანა და ზღვისპირელები 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში “ყოჩებმა” მოინდომა, ლელოთი ანგარიში გაათანაბრა და გარდასახვა რომ გაეტანა მერვე გამარჯვებასაც მოიპოვებდა, თუმცა სოხაძის დარტყმა არაზუსტი იყო და თამაში 25:25 დასრულდა.
მიუხედავად ამისა, “ყოჩებმა” მდევართან უპირატესობა მაინც გაზარდა, რადგან “ხარები” ქუთაისში “აიასთან” 6:15 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. თბილისურ დერბიში “ლელო სარასენსმა” “ლოკომოტივს” 13:9 აჯობა და მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარა, ხოლო “არმიამ” “თიბიეს უნივერსიტეტს” 22:12 მოუგო და მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
VIII ტური
9 ნოემბერი
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი) 25:25
ქუთაისი. “აია”.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 15:6
თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო სარასენსი (თბილისი) 9:13
10 ნოემბერი
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 22:12
ჯიქი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
10/11 @ 16.45 | ქ | სხვ | მ-წ*ფ | $ |
ბოლნისი ყოჩები | 31 | +79 | 7-0*1 | 1 |
ხარები რუსთავი | 24 | +52 | 5-2*1 | 2 |
ლელო სარასენს | 20 | +9 | 4-2*2 | 0 |
არმია | 18 | -29 | 4-4 | 2 |
ლოკომოტივი | 16 | +8 | 3-4 | 4 |
ჯიქი ^ | 15 | -18 | 3-3*1 | 1 |
აია ქუთაისი | 15 | -10 | 3-4 | 3 |
არმაზი | 14 | +8 | 3-3 | 2 |
ბათუმი | 12 | -19 | 2-4*1 | 2 |
თიბიეს უნივერს’ | 3 | -80 | 0-8 | 3 |
მომდევნო ტური. 15-16 ნოემბერი
თიბიესი - ჯიქები, ლელო - არმია, ბათუმი - ლოკომოტივი, ხარები - ყოჩები, არმაზი - აია