იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო თასების ისტორიაში უდიდესი სენსაცია გამოაცხო და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხა.
ედი ჯონსის შეგირდებმა საიცარი თამაში აჩვენეს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს არაფერში ჩამორჩნენ, მათ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და ბოლოს სიმამაცისთვის ისტორიული გამარჯვებით დასაჩუქრდნენ. აღსანიშნავია, რომ იაპონიისთვის, რომელიც 1991 წლიდან ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა, ეს ამ ტურნირზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.
იაპონელებმა გაუშვეს ოთხი ლელო და თავად გაიტანეს სამი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მეტოქის ყველა შედეგიან შეტევას თავადაც შედეგიანი იერიშებით უპასუხეს და მეტოქეს ჯარიმების კარში დარტყმა აიძულეს, მაგრამ “ბოკეს” ამანაც ვერ უშველა.
ანგარიში იაპონიამ გორომარუს ჯარიმით გახსნა და მერე მასვე კიდევ ერთი დარტყმა გაუცუდდა. აფრიკელებმა მძლავრი პასუხი გასცეს და ლოუს ლელოთი და ლემბის გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ 30-ე წუთზე ლიჩის ლელოთი და ზუსტი გარდასახვით კვლავ იაპონელები დაწინაურდნენ. აფრიკამ დიუ პლესის ლელოთი ტაიმი 12:10 კი მოიგო, მაგრამ თამაში რომ განახლდა გორომარუს ჯარიმა კვლავ ზუსტი იყო - 13:12. მერე მანვე კიდევ ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა, რითაც დე იახერის ლელო და ლემბის გარდასახვა გაქვითა - 19:19.
აქ უკვე სამხრეთ აფრიკამ ჯარიმის კარში დარტყმა იკადრა, მაგრამ ჯარიმა თავადაც გაუშვა და ანგარიში ისევ გათანაბრდა. 62-ე წუთზე სტრაუსმა თავისი გუნდის მეოთხე ლელო რომ გაიტანა და გარდასახვა ისევ ზუსტი იყო, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ გაუტეხელმა იაპონიამ 69-ე წუთზე გორომარუს ლელოთი და მისივე გარდასახვით წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. პოლარდმა 73-ე წუთზე აფრიკელებს ჯიუტი მეტოქისგან თავის დაღწევის იმედი კიდევ ერთხელ გაუჩინა, მაგრამ სულ ბოლოს იაპონელთა წნეხში მოექცა და ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე რამდენჯერმე დაჯარიმდა. აზიელებს 3 ქულის აღება და მატჩის ფრედ დასრულება შეეძლოთ, მაგრამ ეს არ იკადრეს, მოგებაზე ითამაშეს და ჰესქეთმა გადამწყვეტი ლელოთი იაპონიას ისტორიული და სენსაციური გამარჯვება მოუტანა - 34:32 და საქართველოსა და იაპონიის დამსახურებით, მსოფლიო თასზე ბევრი რამ თავდაყირა დგება!
ბ ჯგუფი
ბრაიტონი. “ქომიუნითი”.
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 32:34
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ჟან დე ვილიერსი, 11. ლუაზი მვოვო, 10. პეთ ლემბი, 9. რუან პინარი; 1. ბისთ მტავარირა, 2. ბისმარკ დიუპლესი, 3. იანი დიუპლესი, 4. ლუდ დეიახერი, 5. ვიკტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერცი, 8. სკალკ ბერგერი.
სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. კუნი უსტჰეიზენი, 19. პიტერ-სტეფ დიუტოი, 20. სია კოლისი; 21. ფური დიუპრე, 22. ჰანდრე პოლარდი, 23. ჯეიპი პიტერსენი.
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. აკიჰიტო იამადა, 13. მალე საჰუ, 12. ქრეიგ ვინგი, 11. კოტარო მაცუშიმა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. მასატაკა მიკამი, 2. შოტა ჰორიე, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ლუქ თომპსონი, 5. ჰიტოში ონო, 6. მაიქლ ლიჩი, 7. მაიქლ ბროდჰერსთი, 8. ჰენდრიკ ტუი.
სათადარიგოები: 16. ტაკეში კიზუ, 17. კეიტა ინაგაკი, 18. ჰიროში იამაშიტა, 19. შინია მაკაბე, 20. ამანაკი ლელეი-მაფი; 21. აცუში ჰივასა, 22. ჰარუმიჩი ტატეკავა, 23. ქარნ ჰესქეთი.