ფეხბურთი

15:43 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: I ტური ციფრებში

შარშანდელი ნახევარფინალისტი “ნაპოლი” ევროპა ლიგაზე 37-ე გუნდი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 5 გოლის გატანა შეძლო. ნეაპოლელებმა ამ ტურნირზე მეათე მატჩი მოიგეს.

“ნაპოლიმ” “ბრიუგე” გაანადგურა (5:0), რომელიც ევროპა ლიგის მიმდინარე ტურნირზე ყველაზე გამოცდილი გუნდია. ბელგიელებმა ამ გათამაშებაში 31-ე მატჩი ჩაატარეს. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ “ეინდჰოვენს” აქვს – 35, რომელიც ახლა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

“ლეხისა” და “ბელენენსეშის” თამაში 0:0 დასრულდა, რაც ამ ტურნირზე, ამავე ანგარიშით დამთავრებული მე-100 შეხვედრაა. ამდენჯერვე დაფიქსირდა კიდევ ერთი ანგარიში: 2:1. ყველაზე პოპულარული კი 1:1-ია, რომელიც აქამდე 142-ჯერ დაფიქსირდა.

“აპოელთან” დუბლი შეასრულა კლაას იან ჰუნტელაარმა და ევროპა ლიგაზე 12 გოლი დაუგროვდა. ყველაზე მეტჯერ კი რადამელ ფალკაოს აქვს გატანილი – 30. თუმცა, ჰოლანდიელმა კოლუმბიელს გადაასწრო თუ მთლიან მაჩვენებელს ავიღებთ: უეფას თასი და ევროპის ლიგა (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით), ჰუნტელაარს 32 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ფალკაოს – 31. საუკეთესო შედეგი შვედ ჰენრიკ ლარსონს ეკუთვნის – 40 გოლი.

ევროპა ლიგაზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს “სიონმა” (“რუბინთან” 2:1) და “მიდტიულანდმა” (“ლეგიასთან” 1:0). ფრით გამოირჩნენ “გაბალა”, “ბელენენსეში” და “მონაკო”, ხოლო “გრონინგემი”, “შკენდერბიუ” და “აუგსბურგი” დამარცხდნენ.

“შკენდერბიუ” პირველი ალბანური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. უეფას 54 ქვეყნიდან ამ ტურნირზე ერთი წარმომადგენელი მაინც 37 ქვეყანას ჰყოლია.

ნორვეგიული “მიოლდეს” კაპიტანი დანიელ ბერგი ევროპა ლიგის ისტორიაში მეშვიდე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. მან “ფენერბახჩესთან” (3:1) 40 წლის და 49 დღის ასაკში ითამაშა. რეკორდი კი ამერიკელ მეკარე ბრედ ფრიდელს ეკუთვნის – 42 წელი და 173 დღე. მეორე ადგილზე შოტლანდიელი მცველი დევიდ უეირია 40 წლის და 283 დღით.

0.105253