უეფას საკონტროლო-დისციპლინალური კომისიის გადაწყვეტილებით უნგრეთის ნაკრები ევრო2016-ის მომავალ შესარჩევ მატჩს, 10 ოქტომბერს ფარერების ნაკრებთან მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ამის მიზეზი 4 სექტემბერს ბუდაპეშტში რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში დამკვირებელთა მიერ აღნუსხული დარღვევები გახდა.
უნგრეთის საფეხბურთო ფედერაცია და აქედან გამომდინარე ქვეყნის ნაკრები და გულშემატკივრები მაყურებლების მიერ მოწინააღმდეგე ქვეყნის ეროვნული ჰიმნის უპავტივცემობის, მატჩის მსვლელობისას რასიზმის გამოვლენის, ტრიბუნების კიბეების დაბლოკვის გამო დასაჯეს. ამასთან უნგრელებს ჯარიმის სახით 70 ათასი ევროს გადახდაც მოუწევთ.
უნგრელების ანალოგიური სანქცია დაეკისრა რუმინეთსაც. ვლახებიც ერთ საკვალიფიკაციო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ჩაატარებენ. მიზეზი ანალოგიურია – რუმინელ ქომაგთა უდისციპლინო საქციელი.
ამასობაში, უეფას სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხორვატთა საჩივარი და ძველი ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც ბალკანელებს ქულა დააკლდათ, ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, იტალიასთან შესარჩევი მატჩის დროს მინდვრის გაზონზე სვასტიკა იყო გამოსახული. ასე და ამგვარად, ხორვატებს 14 ქულა აქვთ. 8 ტურის შემდეგ ბალკანელები 4 ქულით იტალიას, ორით კი ნორვეგიას ჩამორჩებიან.







