შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ინგლისმა ფიჯელთა დაცვა მეოთხედ გატეხა, ხანგრძლივმა ვიდეოგამეორებამ ცხადყო, რომ ბილი ვუნიპოლამ ბურთის წვერი ლელოს ხაზს შეახო და ოუენ ფარელის ზუსტი გარდასახვის შემდეგ, საბოლოო შედეგად 35:11 დაფიქსირდა.
აქ მთავარი ის იყო, რომ ეგრედწოდებულ სიკვდილის ჯგუფში მასპინძლებმა პრემიალური ქულის აღება მოახერხეს, მეოთხედფინალში გასასვლელად კი, ამას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მთლიანობაში, მსოფლიო თასის პირველი თამაში მაინცდამაინც სანახაობრივი ვერ გამოდგა და ამაში ბრალი რეფერისაც მიუძღვის, რომელიც ვიდეორეფერის ხშირად მიმართავდა და ზოგ შემთხვევაში არასაჭირო ეპიზოდებსაც ზედმეტად აკონტროლებდა. და ერთიც, რეფერის ინგლისელთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ეტყობოდა და საბოლოო შედეგში მისი ხელიც ურევია.
ვფიქრობ, ინგლისი ამ თამაშს ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებდა, მაგრამ ალბათ პრემიალური ქულის გარეშე. იმედია, შემდგომში, განსაკუთრებით კი საქართველოს ნაკრების თამაშებში, მსაჯთა სიმპათია ისედაც ძლიერი გუნდებისკენ არ იქნება.
ანგარიში მე-3 წუთზე ფორდის ჯარიმით გაიხსნა და ფიჯის მალევე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მე-7 წუთზე ვოლავოლას ჯარიმა ძელმა აისხლიტა. სტუმრები ხშირად ცდებოდნენ, რაშიც მათ ინგლისური ამინდიც “ეხმარებოდა” და მე-13 წუთზე მოლის განზრახ ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თანაც მატავალუ 10 წუთით დაისაჯა. მეტობა 22-ე წუთზე ბრაუნის ლელოში აისახა, რომელიც ფლანგზე გაიქცა და გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 22 წუთში ორი ლელო და 15:0 ნამდვილად კარგი დასაწყისი იყო.
მატავალუს შეცდომის გამოსწორების შანსი 28-ე წუთზე მიეცა, როდესაც ცენტრის სიახლოვეს დანიშნული შერკინებიდან შეუტია და ორი მცველის ბოჭვის მიუხედავად ლელომდე დაახლოებით 6-7 მეტრი სრიალით გაიარა. თავიდან ლელო ჩაითვალა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სულ ბოლო მომენტში მას ბურთი გაუვარდა, რეფერიმაც ვიდეო-რეფერის მიმართა და ლელო სამართლიანად გაუქმდა. სამაგიეროდ, ფიჯელთა შერკინებამ ბურთი დაიბრუნა, ფეხით ჩაკიდებულ ოვალზე ნადოლომ ვატსონს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ერთი ლელო გაქვითა. შესვენებამდე ფორდმა და ნადოლომ ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 18:8 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყისმა 24-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა, არადა, ამ პერიოდში ნადოლოს ორი ჯარიმა გაუცუდდა. მერე დარტყმის უფლება ვოლავოლამ გადაიბარა და სხვაობა ერთი ქულის ნაცვლად ერთ გარდასახულ ლელომდე კი დაიყვანა, მაგრამ ოუენ ფარელიმ საპასუხო ჯარიმა იქვე შეასრულა. 72-ე წუთზე ბრაუნმა დუბლი შეასრულა და ინგლისელთა მესამე ლელო გაიტანა, რამაც მასპინძლებს დამატებითი ძალები შემატა და უკანასკნელი მიძალება ვუნიპოლამ პრემიალური ლელოთი დაასრულა.
2015 წლის მსოფლიო თასი. 18 სექტემბერი
ა ჯგუფი
ინგლისი - ფიჯი 35:11 (18:8)
ინგლისი: 15. მაიქ ბრაუნი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ბრედ ბარითი, 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი; 1. ჯო მარლერი, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯეფ პარლინგი, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ვუდი, 7.ქრის რობშოუ, 8. ბენ მორგანი.
სათადარიგოები: 16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18, ქიარან ბრუქსი, 19. ჯო ლონჩბრი, 20. ბილი ვუნიპოლა; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ოუენ ფარელი, 23. სემ ბერჯესი.
ფიჯი: 15. მეტუისელა ტალემბულა, 14. ვაისეა ნაიათალევუ, 13. ვერენიკი ნგონევა, 12. ნგამბირიელე ლოვომბალავუ, 11. ნემანი ნანდოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ქემპიზი მაჰაფუ, 2. სუნია კოტო, 3. მანასა საულო, 4. აპისალომე რატუნიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ნდომინიკო ვანქანიმბოროტუ, 7. აკაპუსი ნქერა, 8. საკიუსა მასი მატანდინგო.
სათადარიგოები: 16. ტუაპატი ტალემაიტონგა, 17. პენი რავაი, 18. ისეი თოლატი, 19. ტევიტა თავუმბატი, 20. პეთელი იატო; 21. ნემია კენატალე, 22. ჯოშუა მატავესი, 23. ასაელი ტიკოიროტუმა.