სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიეილ ხეჩიკაშვილმა უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოსული წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ წერილს სულ სხვა მხრიდან განიხილავენ.
მისივე თქმით, ფედერაციას შეეძლო ნებისმიერი ეჭვის შესახებ ჯერ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიემართა.
„უცნაურია, რომ ამ წერილის აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაცია ხდება და ვთქვა, რომ ხდება წერილის შინაარსის სრულიად სხვა მხრიდან განხილვა. იმიტომ, რომ როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, მანამდე ფედერაციამ მიმართა და თუ მსგავს ფაქტებზე ეჭვები ჰქონდათ, მოემართათ ჩვენთვის და ჩვენ მივიღებდით შესაბამის ზომებს. წერილში პირველ რიგში ჩანს, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის ვალდებული დაიცვას წესდება და მოქმედი წესდების მიხედვით იმოქმედოს. ეს პირველი და მთავარი. მეორე - რაც მათ წარუდგინეს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სახელმწიფო ერევა და არის დამატებითი ინფორმაცია, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ეს ყველამ იცის კარგად და ვინ ვინ და ამ საკითხებში საქართველოს მთავრობამ, ძალიან კარგად იცის და ამას დაამტკიცებს თავისი მოქმედებით“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ მათ უკვე გაუგზავნეს საპასუხო წერილი ფედერაციას, რომლის ნახვაც და მათი პოზიციის გაცნობა, ფეხბურთის გულშემატკივრებს მათ ვებგვერდზე შეუძლიათ.