კალათბურთი

15:21 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ  ბერუაშვილი: “ნაკრების  თამაშით  კმაყოფილი  ვარ’’

ბრინჯაოს მედლის მფლობელი ,,რუსთავი’’ სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც 2015-16 წლების სეზონისათვის მზადებას შეუდგა. სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდი ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ, აკაკი დვალიშვილმა, ლევან ცეკვავამ, დავით გუგავამ ასევე ლეგიონერებმა ჰეიდენ ჰამსმა და ტერენს ოგლზბიმ დატოვეს. ქვემოქართლელებმა ლაშა (გიორგი) გამყრელიძის სახით გამოცდილი უკანახაზელი დაიმატეს, ხოლო ,,რუსთავის’’ ახალგაზრდული გუნდიდან გიგი გოგობერიშვილის, გიორგი დვალის, ერეკლე ლორთქიფანიძისა და თორნიკე ქიტიაშვილის სახით ახალი შევსება მიიღეს.

ევრო-2015-ზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების მონაწილეობის, ასევე ,, რუსთავში“ მიმდინარე მოვლენების და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ,,მსოფლიო სპორტი“ ქვემოქართლელთა მთავარ მწვრთნელს მიხეილ ბერუაშვილს ესაუბრა. იგი ამავე დროს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი თანაშემწეა.

- პირველ ყოვლისა ევრო-2015-ს ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვაზე გკითხავთ. კმაყოფილი დარჩით ჩვენი ნაკრების თამაშით?

- თამაშით მართლაც კმაყოფილი ვარ. ბოლო სამ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის ხარიხიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი მეტს იმსახურებდა, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ასე რომ არ მომხდარიყო, მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდებოდით, მაგრამ რას იზამ, სპორტში დაუმსახურებელი შედეგები ხშირად ფიქსირდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებისგან განსხვავებით ნაკრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდა.

- საკამათო გახდა საქართველო-ლიტვის შეხვედრის ის მომენტი, როცა თორნიკე შენგელია მეტოქესთან დაჯარიმდა, რაც მისთვის მეხუთე აღმოჩნდა და იძულებული გახდა თამაში დაეტოვებინა. რამდენად სწორი იყო ფართან პირისპირ დარჩენილ მეტოქესთან შებრძოლება, როცა მას უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა მიღებული?

- გარედან საუბარი შედარებით ადვილია, როცა მოედანზე ხარ, სხვაგვარად ფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს თორნიკე მეტოქისთვის ხელისშეშლაზე ფიქრობდა და არა ჯარიმაზე.

- ნაკრების შეხვედრებიდან რომელს გამოარჩევდით?

- ჰოლანდიასთან, მაკედონიასა და რა თქმა უნდა ლიტვასთან შეხვედრას გამოვარჩევდი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლიტვასთან თამაშისას ფორტუნას ჩვენსკენ ცოტა რომ გადმოეხედა, შეიძლება ოლიმპიური საგზურისთვისაც გამოგვეკრა ხელი.

- ახლა ,,რუსთავის’’ შესახებ ვისაუბროთ. გუნდში განხორციელებული ცვლილებების გარდა სხვა სიახლეებიც ხომ არ იგეგმება?

- უახლოეს დღეებში ვაპირებთ მეოთხე და მეხუთე ნომერზე მოასპარეზე ამერიკელი ლეგიონერების დამატებას. ფინანსებიდან გამომდინარე, სხვა ცვლილებები არ იგეგმება.

- რას იტყვით ,,რუსთავის’’ აწ უკვე ყოფილი წევრის აკაკი დვალიშვილის შესახებ, რომელმაც ,,მსოფლიო სპორტთან’’ საუბარში სინანულით აღნიშნა, რომ ,,რუსთავის’’ ხელმძღვანელობამ მისი შრომა სათანადოდ არ დააფასა?

- ჭორიკანა ადამიანის სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ დვალიშვილმა ,,მსოფლიო სპორტთან’’ საუბრის დროს იცრუა?

- როგორც უკვე გითხარით, ჭორიკანა ადამიანის სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

- თქვენი გუნდის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ვეცდებით მინიმუმ შარშანდელი მიღწევა გავიმეოროთ და ბრინჯაოს მედალი ავიღოთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საიტის საშუალებით მადლობა გადავუხადო ,,რუსთავის’’ იმ შემადგენლობას, რომელიც გუნდში დარჩა და ახალი კონტრაქტი გააფორმა.

0.119836