ფეხბურთი

19:03 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეიდან: სწორება ლიგისკენ

111 დღიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. დიახ, დღეს ღამით უეფას უმთავრესი ტურნირის 2015-2016 წლების გათამაშება სტარტს რვა, საკმაოდ საინტერესო შეხვედრით აიღებს. მათგან უდაოდ გამორჩეული დაპირისპირება კი D ჯგუფში შედგება, სადაც გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორი ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.

A ჯგუფი

პსჟ – “მალმე”

საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” ლიგას შვედეთის უძლიერეს გუნდ “მალმესთან” მატჩით გახსნის. პარიზელებს წლეულს წინანდელის მსგავსად დიდი მიზნები ამოძრავებთ, ანხელ დი მარიაში გადახდილი მსუყე თანხაც ამაზე მოწმობს. “მალმე” კი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ მოხვდა – შარშან სკანდინავიელებმა ბოლო პოზიცია დაიკავეს.

დღევანდელი მატჩი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასპინძელთა შვედი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ატარებს – ზლატანმა თავისი დიდებული კარიერა სწორედ “მალმეში” დაიწყო. გარდა ამისა, შვედ გიგანტს სამი გოლი აშორებს პედრო პაულეტას რეკორდის დამხობამდე: პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის შესახებ.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ (4-3-3): ტრაპი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი; მატუიდი, ვერატი, ტიაგო მოტა; კავანი, იბრაჰიმოჩი, დი მარია

“მალმე” (5-3-2): ვილანი; ტინერჰოლმი, ბენგსტონი, არნასონი, კარვალიო, იუტუნი; ლევიცკი, ადუ, ბერგეტი; ჯურჯიჩი, როზენბერგი

“რეალი” – “შახტარი”

ჯგუფის მეორე მატჩი უფრო დიდ ინტერესს იწვევს. მადრიდის “რეალი” მე-11 სალიგო ტიტულისკენ სვლას დონეცკის “შახტარით” იწყებს. უკრაინელებმა ზაფხულში წამყვანი მოთამაშეები დაკარგეს და ჯგუფურ ეტაპზეც წვალებით მოხვდნენ, თუმცა მირჩა ლუჩესკუს გუნდს მიმდინარე სეზონში ჩატარებული 13 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

მადრიდში კი კარგ ხასიათზე არიან: კრიშტიანუ რონალდუმ შაბათს “ესპანიოლს” ხუთი გოლი გაუტანა და ლეგენდარული რაულის მიღწევა დაამხო – პორტუგალიელი “ბლანკოსის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. ლიგაზე მადრიდელთა თავკაცის რანგში დებიუტი ექნება რაფა ბენიტესს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; ისკო, კროოსი, მოდრიჩი; ბეილი, ბენზემა, რონალდუ

“შახტარი” (4-4-1-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი; სტეპანენკო, ფრედი, მარლოსი, ტაისონი; ალექს ტეიშეირა; გლადკი

B ჯგუფი

“ვოლფსბურგი” – ცსკა

გერმანული “ვოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგას მოსკოვის ცსკასთან მატჩით უბრუნდება. “მგლებმა” ზაფხულში კევინ დე ბრუინე და ივან პერიშიჩი გაასხვისეს, მაგრამ იულიან დრაქსლერისა და დანტეს სახით კარგი შევსებაც მიიღეს. ბუნდესლიგის ბოლო 24 საშინაო მატჩში დიტერ ჰეკინგის გუნდი არ დამარცხებულა და სასიამოვნო სერიის გაგრძელებას ლიგაზეც შეეცდება.

თავის მხრივ, ცსკამ რუსეთის პრემირლიგის პირველი 7 მატჩის მოგება მოახერხა. ბოლო ტურში კი “ზენიტს” დაუზავდა (2:2).

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; კალიჯური, დრაქსლერი, შურლე; დოსტი

ცსკა (4-4-2): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ტოშიჩი, ვერნბლუმი, ერემენკო, ძაგოევი; მუსა, დუმბია

პსვ – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ჰოლანდიაში ჩემპიონთა ლიგას დანატრებული გუნდთა ჯახია: პსვ – “იუნაიტედის” წინააღმდეგ. “ეინდჰოვენი” დრო იყო ლიგაში ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში “ფილიპსელებს” კრიზისი ედგათ. აღსანიშნავია, რომ პსვ-ს უკვე 12 თამაშია არ წაუგია, ხოლო ბოლო ტურში “კამბური” 6:0 გაანადგურა, ეს კი 2013 წლის მერე ამ გუნდის მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი იყო.

“მანჩესტერი” ჯგუფურ ეტაპს ერთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება. დღევანდელ მატჩში უეინ რუნის თამაში საეჭვოა და შეტევის ხაზზე მის ადგილს სავარაუდოდ მემფის დეპაი დაიკავებს, რომელიც ინგლისელებს სეზონის წინ სწორედ დღევანდელი ოპონენტისგან შეუერთდათ.

“ეინდჰოვენის” თავკაც ფილიპ კოკუს თავის დროზე მისი დღევანდელი მოწინააღმდეგის, ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ნაკრებში უთამაშია.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსვ (4-4-2): ზოეტი; ბრენეტი, მორენო, ბრუმა, არიასი; გუარდადო, ჰენდრიქსი, პროპერი, ლესტიენი; დე იონგი, ნარსიგი

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; ქერიკი, შვაინშტაიგერი; მატა, ერერა, ფელაინი; დეპაი

C ჯგუფი

“გალათასარაი” – “ატლეტიკო”

მადრიდის “ატლეტიკო” სტამბულში “გალათასარაის” ეწვევა და წარმატებულად დაწყებას ეცდება. დიეგო სიმეონეს გუნდმა ზაფხულში მშვენიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა და წლეულს ამბიციური მიზნებიც ამოძრავებს. იგივეს თქმა თურქებზეც შეიძლება, ოღონდ უფრო სხვა ჭრილში.

მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ექვს გასვლით მატჩში ერთადერთი წაგება აქვთ, თუმცა სტამბოლელთა თავკაცის თქმით, ძლიერები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ...

სავარაუდო შემადგენლობები:

“გალათასარაი” (4-4-2): მუსლერა; ქეროლი, ჰაკან ბალტა, სემიჰ კაია, საბრი; როდრიგესი, ინანი, სნეიდერი, ოზტეკინი; პოდოლსკი, ილმაზი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, გამესი; ოლივერ ტორესი, ტიაგო, გაბი, კოკე; გრიზმანი, ფერნანდო ტორესი

“ბენფიკა” – “ასტანა”

ისტორიული დღე აქვს “ასტანას” და მთლიანად ყაზახურ ფეხბურთს! მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო მატჩს გამართავს. “ასტანა” ლისაბონის “ბენფიკას” ეწვევა, რომელიც წინანდელივით მძლავრად ვეღარ გამოიყურება. სტანიმირ სტოილოვის გუნდმა გასულ სეზონში 34 მატჩიდან მხოლოდ 4 წააგო.

ერთიც: ამ თამაშით საინტერესო რეკორდი დამყარდება – ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ქალაქებს შორის ისეთი დაშორება არ ყოფილა, როგორც ეს ლისაბონსა და ასტანას შორისაა, რა თქმა უნდა, მანძილის სახით.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ნელსონი, სემედო, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ; სამარისი, ტალისკა, გაიტანი, გედეში; ხონასი, მიტროღლუ

“ასტანა” (3-5-2): ერიკი; პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო; ჯოლჩიევი, კანაში, მაქსიმოვიჩი, კეტევოამა, ჟუკოვი; ნუსერბაიევი

D ჯგუფი

“მანჩესტერ სიტი” – “იუვენტუსი”

დღის მთავარი მატჩი მანჩესტერშია – ადგილობრივი “სიტი” ტურინის “იუვენტუსს” მასპინძლობს. “ქალაქელები” სეზონს ბრწყინვალედ ატარებენ და მეტოქეებს შიშის ზარს სცემენ. ყოველშეთხვევაში პრემიერლიგაში მანუელ პელეგრინის გუნდმა ხუთივე მატჩი მოიგო, თანაც გოლგაუშვებლად. მათ დღეს სერხიო აგუერო დააკლდებათ, ვისაც ვილფრიდ ბონი ჩაანაცვლებს.

აი, იტალიის ჩემპიონი კი საშინელ ფორმაშია. არტურო ვიდალის, ანდრეა პირლოსა და კარლოს ტევესის წასვლის შემდეგ “იუვემ” თავისი თამაში ვერ იპოვა და სერია A-ში სამი ტურის შემდეგ კინკილა ქულით მე-16 ადგილი უკავია... მასიმილიანო ალეგრის საკადრო პრობლემებიც აქვს: “ეტიჰადზე” ტურინელებს გუნდის ლიდერი კლაუდიო მარკიზიო დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, მანგალა, კომპანი, კოლაროვი; იაია ტურე, ფერნანდინიო; დე ბრუინე, სილვა, სტერლინგი; ბონი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; სტურარო, ერნანესი, პოგბა; პერეირა; მანჯუკიჩი, დიბალა

“სევილია” – “გლადბახი”

ჯგუფის მეორე მატჩში “სევილია” “გლადბახს” დაუხვდება. ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო: “გლადბახს” ბუნდესლიგაში 4 ტურის შემდეგ ქულა არ აქვს და ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანელებს ამ სეზონში 4 ოფიციალური მატჩიდან მოგება არ გააჩნიათ (3 ლა ლიგაში, ერთი – ევროპის სუპერთასზე).

მასპინძელთა ტრავმირებულ კიპერ ბეტოს ახალგაზრდა სერხიო რიკო ჩანააცვლებს. სხვა მხრივ უნაი ემერი უძლიერეს შემადგენლობას გამოიყვანს.

უნდა ითქვას, რომ ევროპის მთავარ ტურნირს ლუსიენ ვაფრის “გლადბახი” 1978 წლის მერე უბრუნდება.

სავარაუდო შემადგნლობები:

“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე, კრიხოვიაკი, კოლოზიეჩაკი, ტრემულინასი; იბორა, კრონ-დელი; რეიესი, ბანეგა, კონოპლიანკა; ლორენტე

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, ბრუვერსი, იანტჩკე, ვენდტი; ნორდვეიტი, სტინდი; ტრაორე, აზარი; ჰანი, რაფაელი

0.159595