ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ესტადიო ვალეკასზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “რაიო ვალეკანო” ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” დამარცხდა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვება სამართლიანი გახლდათ. ანგარიში მე-7 წუთზე სელსო ბორგესმა თავური დარტყმით გახსნა. საგოლე გადაცემა აქტივში ლუის ალბერტომ ჩაიწერა. 27-ე წუთზე მასპინძელთა ეფექტურ კომბინაციას ემბარბას მიერ წონასწორობის აღდგენა მოჰყვა, თუმცა მადრიდელთა სიხარულმა მხოლოდ ერთ წუთს გასტანა და ლუის ალბერტომ უკვე გოლის გატანა მოახერხა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარში გალისიელების უპირატესობას კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე პირველში. სტუმართა კარგი თამაში შეხვედრის რეზულტატზეც აისახა და 61-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუკას პერესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
დარჩენილ დროში გამოსარჩევია პატრიკ ებერტის გაძევება, რომელმაც 77-ე წუთზე შეხვედრის მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წითელი ბართი დაიმსახურა.
ერთ დროს სამ თამაშში 5 ქულა “დეპორტივოსთვის” დიდი ვერაფერი შედეგი გახლდათ, თუმცა მაშინ გალისიელები ლა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები იყვნენ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა, მათი მთავარი მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენაა. ყოველივე ამის ფონზე, ნაჩვენები შედეგი ვიქტორ სანჩესის გუნდისთვის მშვენიერი შედეგია.
რაც შეეხება "რაიოს", მადრიდული კლუბი 1 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება.
რაიო ვალეკანო – დეპორტივო 1:3 (1:2)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, დ.ლორენტე, ამაია, ქუინი (ბანგურა 62), ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი, ემბარბა, პ.ერნანდესი (ფარინია 80), ებერტი, გერა (მანუჩო 62).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
დეპორტივო (4-4-1-1): ლუქსი, არიბასი (ლოპო 78), ლაურე, სიდნეი, ფ.ნავარო, ლ.ალბერტო (ლუისინიო 64), ხუანფრანი (ხ.დომინგესი 72), ბორგესი, ფაჟრი, მოსკერა, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 0:1 ბორგესი (7), 1:1 ემბარბა (27), 1:2 ლ.ალბერტო (28), 1:3 ლ.პერესი (61).
გაფრთხილებები: ებერტი, დ.ლორენტე – ლაურე, არიბასი
გაძევება: ებერტი 77.
მსაჯი: რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩა