14 სექტემბერს, 2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ბორჯღალოსნებს” მისალმების ოფიციალურ ცერემონიაზე უმასპინძლეს.
ღონისძიება ბრისთოლის “სენთ ჯორჯს ცენტრში” გაიმართა, სადაც ბერნარის გუნდმა ჩვენ ნაკრებს სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა “ვორლდ ინ იუნიონ” (ჭორლდ ინ Uნიონ) შეუსრულა.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ და ”ბორჯღალოსნებს” წარმატებები უსურვეს “მსოფლიო რაგბის” თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ, ინგლისის რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა მალქოლმ უორთონმა და ბრისთოლის მერმა ქლერ ქემფიან-სმითმა.
მისალმების შემდეგ, ბერნარ ლაპასემ თითოეულ “ბორჯღალოსანს” 2015 წლის მსოფლიო თასის ოფიციალური კეპები და სამახსოვრო მედლები გადასცა.
“დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისათვის. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო თასების ისტორიაში ეს ყველაზე წარმატებული ტურნირი იქნება, ხოლო ჩემს გუნდს ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, - ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მამუკა გორგოძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბრისთოლის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ “ბორჯღალს”, რომელმაც გასულ საღამოზე “ბორჯღალოსნების” საპატივცემულოდ “მრავალჟამიერი” შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ტონგას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის ყველა მატჩს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.
www.rugby.ge