კალათბურთი

0:50 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ფრანგულ “გრაველინში” ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე მომავალ სეზონს ფრანგულ გუნდ “გრაველინში” გაატარებს. ამ ინფორმაციას sportando.com და eurobasket.com ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 29 წლის ქართველი უკანახაზელი “შსს აკადემიას” ღირსებას იცავდა და ქვეყნის ჩემპიონატი და თასიც მოიგო, ახლა კი, ძალებს ისევ საზღვარგარეთ მოსინჯავს.

სავარაუდოა, რომ ფრანგები გიორგის ჯერაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც აკვირდებოდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგღა მიიღეს.

ცინცაძემ სწორედ ფრანგულ ლილში გამართულ მერვედფინალში გააკეთა პასი, რომელმაც კალათბურთის ქომაგები აღტაცებაში მოიყვანა, ევრობასკეტზე მისი საშუალო მონაგარი კი 8.0 ქულა, 4.3 პასი და 1.2 მოხსნა იყო.

ცნობისთვის, “გრაველინი” 1984 წელს გახლავთ დაფუძნებული და საშინაო მატჩებს “სპორტიკაზე” (ტევადობა 3 043 ადამიანი) ატარებს. გუნდის ყველაზე დიდი წარმატება 2005 წელს მოგებული საფრანგეთის თასია.

“გრაველინის” მთავარი მწვრთნელი კრისტიან მონშოა, ყველაზ ცნობილი კალათბურთელი კი – ენდრიუ ალბისი, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.

გასულ სეზონში “გრაველინმა” 18 მოგებით და 16 მარცხით მე-9 ადგილი დაიკავა და ფრანგული უმაღლესი დივიზიონის (LNB Pro A) პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ მოახერხა.

0.120254