მილანის „ინტერის“ ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟესუსი იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში, „მილანთან“ 1:0 მოგებულ დერბიში დაშავდა.
24 წლის ბრაზილიელი შეხვედრის 66-ე წუთზე „შავ-წითლების“ ნახევარმცველ იური კუცკას შეეჯახა და მარცხენა ფეხის ტერფზე ძლიერი დარტყმა მიიღო.
ექიმებმა ჟუანის ფეხზე დაყენება ვერ შეძლეს და მან მოედანი საკაცით დატოვა. დაზიანების ხასიათი და სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, პირვანდელი მონაცემებით ექიმებს კარგის მოლოდინი ნამდვილად არ აქვთ.
ჟუან ჟესუსი „ინტერში“ 2011 წლიდან თამაშობს და ბოლო სამი სეზონია გუნდის განუყოფელ ნაწილად იქცა. გასულ სეზონში მან სერია ა-ს 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა.