კალათბურთი

16:04 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ლილის მუნიციპალურ დარბაზში ივარჯიშა

ლიტვასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინა დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლილის სპორტის სასახლეში ივარჯიშა. ეს სახელი პირობითად ჰქვია ერუარდ დოინეტის სახელობის დარბაზს, რადგან სასახლის მას არაფერი უგავს. მართალია, ძალიან კოხტა და კომფორტულია, თუმცა რაოდენობით მაქსიმუმ 2000 მაყურებელს თუ გასწვდება.

ხსენებული ედუარდ დოინეტი ქალაქ ლილის მერი იყო 1959-1969 წლებში, ანუ დარბაზი მუნიციპალურია და არა კლუბს, არამედ – ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნის. კლუბი ლილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონშია, რომლის მწვრთნელიც იგორ კოკოშკოვის ნაცნობი გამოდგა და ჩვენების ვარჯიშის დაწყებამდე მათ ერთმანეთი მოიკითხეს.

საქართველოს ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ყველას გათავისებული აქვს, რომ ისტორიული შედეგის ზღვარზე არიან და საბრძოლველად ემზადებიან. გუნდში არაა ტრავმები და არის მეტი მობილიზება და ურთიერთჰარმონია, ვიდრე ევრობასკეტის საწყისი მატჩებისას. კომბინაციებიც უფრო დახვეწილი და შედეგიანია. ერთი სიტყვით, გუნდი მზადაა, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს ბრძლა გაუმართოს.

ქართველების ვარჯიშის ბოლო 15 წუთს ქართველი, ლიტველი და სხვა უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ. ინტერესი დიდი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოთამაშე გუნდი ნეიტრალური ქვეყნის მედიასაშუალებებისთვისაც საინტერესოა.

საქართველომდე ლილის დარბაზში ლიტვის ნაკრებმა ივარჯიშა, რომლის დასრულების შემდეგ ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა განაცხადა: ჩვენ ვეთამაშებით საქართველოს ძლიერ ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები – ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და სხვები. რთული ბრძოლა გველის და თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს არ ვითამაშებთ, გამარჯვებამდე ვერ მივალთ.

ზაზა ფაჩულია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

- ვეთამაშებით ლიტვას, ძალიან დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქვეყნის გუნდს, მაგრამ ეს სულაც არ გვაბრკოლებს. ეს პლეი ოფია და ყველაფერს 1 მატჩი წყვეტს. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და ძლიერ მეტოქეს არაფერს არ დავუთმობთ. თქვენ მეკითხებით იონას ვალანჩუნასთან ჩემს დუელზე, მე კი გპასუხობთ, ორმ საქართველოს ნაკრებში 12 კალათბურთელია და ჩვენ, როგორც გუნდი, ისე ვაპირებთ თამაშს და მეტოქის ლიდერების განეიტრალებას. საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრული იქნება და იმედი მაქვს, ერთიანობით საწადელს მივაღწევთ.

ვარჯიშის შემდეგ, დარბაზთან ქართველ კალათბურთელებს ლილში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დახვდნენ და საქართველოს დროშაზე ავტოგრაფები დაატოვებინეს.

www.gbf.ge

0.131877