ფეხბურთი

3:13 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” აიწყვიტა, “ბარსელონა” კვლავ მინიმალურად იგებს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ატლეტიკომ” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა, თუმცა მატჩს მოსაწყენი არ ეთქმოდა. გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა ლუისს სუარესს, რომელმაც ვარდნაში დაახლოებით ორი მეტრიდან გაარტყა ხარიხას. მეტი რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა, სტუმრები მთელი ტაიმის განმალობაში ბურთს აკონტროლებდნენ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ერთ მომენტში კი, პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატეუ ლაოსმა ხოსე ხიმენესზე ხელით თამაში არ დააფიქსირა.

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო და 51-ე წუთზე ტიაგოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფერნანდო ტორესმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. “როხიბლანკოს” სიხარულმა ოთხ წუთს გასტანა და 55-ე წუთზე ნეიმარმა ჯარიმიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე მოედანზე ლიონელ მესი გამოჩნდა, რომელსაც გუშინწინ შვილი შეეძინა, ვარჯიში გამოტოვა და ამის გამო, ლუის ენრიკემ მისი თადარიგში დატოვება გადაწყვიტა. გადამწყვეტი სიტყვა სწორედ არგენტინელმა თქვა, 77-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

პირველი ნახევრის მსგავსად, მეორე ტაიმშიც იყო საკამათო ეპიზოდები. ჯერ მასპინძლები აპელირებდნენ მასკერანოზე ხელით თამაშს და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, ხოლო შემდეგ იმავეს სტუმრები ითხოვდნენ გოდინის ხელით თამაში გამო, რომელმაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ამრიგად, 1:2 და “ბარსელონა” კვლავ მინიმალური გამარჯვებებით იმყოფება უდანაკარგოდ.

მადრიდის “რეალმა” ბარსელონაში შავი დღე აყარა “ესპანიოლს”. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა “კორნელია ელ პრატზე”, ამიტომაც მატჩის დეტალურად აღწერას არ დავიწყებ. გეტყვით, რომ ექვსიდან ხუთი გოლი კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზეა, ხოლო ერთი ბურთი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. პორტუგალიელ ვარსკვლავს 318 გოლი დაუგროვდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს რაულ გონსალეს ბლანკოსს ხუთი გოლითღა ჩამორჩება. “რეალს” სამ ტურში 7 ქულა აქვს: 11 გატანილი და არცერთი გაშვებული.

პირველი სამი ქულა მოიპოვა “ვალენსიამ”, რომელმაც “ელ მოლინონზე” “ხიხონის” წინააღმდეგობა მხოლოდ 91-ე წუთზე დაძლია. გატანილი გოლის ავტორი პაკო ალკასერია, რომელმაც ზაქარია ბაკალის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ორივე კლუბს ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა ან მეკარეები თამაშობდნენ კარგად, ანაც შემტევებს აკლდათ სიზუსტე. აღსანიშნავია, რომ “ვალენსიას” რიგებში დებიუტი ჰქონდათ აიმენ აბდენურსა და ხაუმე დომენეშს. ახალგაზრდა მეკარე, რომელიც სეზონის დაწყების წინ მეოთხე მეკარედ მიიჩნეოდა, შესანიშნავად გაისარჯა, რამდენიმე ძალიან რთული ბურთი მოიგერია და “ღამურების” გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. გამოსარჩევია, ანდრე გომეშის დაბრუნებაც, რომელიც ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა მინდორზე. “ვალენსიამ” სამ ტურში 5 ქულა დააგროვა.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” გაიმართა, სადაც “ბეტისმა” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” დამარცხება მოახერხა. თანაც, პეტროშის გაძევების გამო, მასპინძლები ტაიმის განმალობაში 10 კაცით თამაშობდნენ. ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე რუბენ კასტრომ თავური დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა კი, ხოაკინ სანჩესის ანგარიშზეა, რომელსაც მშობლიური კლუბის რიგებში ხელმეორე დებიუტი ჰქონდა.

ატლეტიკო – ბარსელონა 1:2 (1:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი (ვიეტო 81), ტიაგო, კოკე, ო.ტორესი (კარასკო 60), გრიზმანი, ფ.ტორესი (მარტინესი 62).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ვერმაელენი (მატიე 28), მასკერანო, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი (მესი 60), ნეიმარი, ლ.სუარესი, რაფინია.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ფ.ტორესი (51), 1:1 ნეიმარი (55), 1:2 მესი (77).
გაფრთხილებები: ო.ტორესი, ლუისი, ხიმენესი - ინიესტა
მსაჯი: მატეუ ლაოსი


ესპანიოლი – რეალი 0:6 (0:4)

ბარსელონა, “კორნელია ელ-პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): პაუ, ა.გონსალესი, სიანი (მონტანესი 46), არბილია, დუარტე, ვ.სანჩესი (ჟორდანი 65), სევილია, ვ.ალვარესი, ხ.ლოპესი (კანიასი 46), ხ.მორენო, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, რამოსი (ვარანე 75), კარვახალი, მარსელო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 56), კასემირო, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ვასკესი 63).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1;0:2;0:3;0:5;0:6 რონალდუ (7;17;20;61;81), 0:4 ბენზემა (28).
გაფრთხილებები: ა.გონსალესი, კანიასი – ბენზემა, კოვაჩიჩი
მსაჯი: ბიკანდი გარიდო

ხიხონი – ვალენსია 0:1 (0:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-2): კუელარი, ერნანდესი, ბერნარდო, ი.ლოპესი, ლორა, ს.ალვარესი, მასკარელი (კასესი 61), ჯონათანი, პ.პერესი (კარმონა 82), სანაბრია, ჰალილოვიჩი (გერერო 70).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

ვალენსია (4-3-3): დომენეში, აბდენური, მუსტაფი, კანსელო, გაია, ფუეგო, ე.პერესი (გომეში 67), პარეხო, პიატი (ბაკალი 82), ფეგული, ნეგრედო (ალკასერი 75).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლი: ალკასერი 91.
გაფრთხილებები: მასკარელი, ი.ლოპესი, პ.პერესი – პარეხო, ე.პერესი, ფუეგო
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ბეტისი – სოსიედადი 1:0 (1:0)


სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, ვესტერმანი, ბ.გონსალესი, პიცინი (მოლინერო 78), ვარგასი, ნ’დიაიე, პეტროში, პორტილიო, ხოაკინი (სეხუდო 66), მოლინა (კაბალიოსი 46), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, რეიესი, მ.გონსალესი, დე ლა ბელა (აგირეჩე 46), ელუსტონდო, პარდო (კანალესი 81), ილარამენდი, პრიეტო (ჩ.კასტრო 47), ველა, ბრუმა, ჯონათასი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: რ.კასტრო 41.
გაფრთხილებები: ნ’დიაიე, ბ.გონსალესი, პეტროში, კაბალიოსი, პორტილიო – დე ლა ბელა, პარდო, რეიესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
0.226336