დიდ დიღომში ლამაზი და კოხტა სტადიონი “ლელო” შესანიშნავი ატმოსფეროთი და სანახაობრივი თამაშით გაიხსნა. ეს ტერიტორია მისთვის ზედგამოჭრილია და ეს პირველსავე დღეს გამოჩნდა. ახლო-მახლო კორპუსებიდან მისული მაყურებელები, “თავის გუნდს” მთელი 80 წუთი გულმხურვალედ ქომაგობდნენ, ხოლო ისინი, ვინც სტადიონზე ვერ მივიდნენ, მერე კითხულობდნენ ჩვენმა გუნდმა რა ქნაო.
დიდი დიღმის გუნდმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუა და სტადიონის გახსნა გამარჯვებით აღნიშნა. “ლელო-სარასენსმა” თბილისის “არმიას” 29:16 სძლია, მაგრამ ანგარიშზე უმთავრესი ის თამაშია, რომელიც მაყურებელმა იხილა. მაყურებელი კი მრავალფეროვანი იყო - ოჯახები, დედები მცირეწლოვანი შვილებით, ბავშვები 1 წლის ასაკიდან, უფროსი ასაკის ქალბატონები, მოკლედ, აქ ყველას ნახავდით და სწორედ ესაა რაგბი. გუნდებმა მაყურებელი თავდაუზოგავი თამაშით ასიამოვნეს. იყო მაღალი ტემპი, სულისშემძვრელი კონტაქტები, ლამაზი ლელოები, ხელდახელ თამაშის მცდელობები და მხურვალე ქომაგობა. ამ ყველაფერს ალამაზებდა ხელოვნური განათება და კარგი სარაგბო ამინდი.
და რა თქმა უნდა ირაკლი ყიასაშვილი, რომელსაც იმ დღეს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და საკუთარ გუნდს 5 ჯარიმით და 2 გარდასახვით 19 ქულა შესძინა. კარგი იყო “არმიაც”, რომლის გარეშეც ასეთი თამაში უბრალოდ ვერ შედგებოდა, ამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, სულ ბოლოს ქულის აღების პერსპექტივაც შეინარჩუნა, მაგრამ დაკარგა რამდენიმე აუტი, ხშირად ჯარიმდებოდა და როცა მეტოქეს ისეთი დამრტყმელი ჰყავს, როგორიც ყიასაშვილია, ეს უბრალოდ დაუშვებელია.
საწყის 30 წუთში “ლელო-სარასენსის” შერკინება დომინირებდა და ყიასაშვილმა ახალ სატადიონზე პირველი ქულები საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა - დაახლოებით 40 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა. თავიდანვე გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა, თავს და მეტოქეს არავინ ზოგავდა, ორივე გუნდი ცდილობდა სისწრაფის ხარჯზე წარმატების მიღწევას და ხაზის გამოყენებას, თუმცა სალელოვე შანსი კვლავ მასპინძლებს მიეცათ და მართალია ხაზზე “არმია” არ გატყდა, მაგრამ დაჯარიმდა და ყიასაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა და მერე მანვე რაქში არასწორედ თამაშისთვის დანიშნული ჯარიმა აქცია 3 ქულად.
სტუმრებმა ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანეს, თუმცა მათი შერკინება ამჯერად მედგრად დადგა და ფედერალ 1-იდან სამშობლოში დაბრუნებულმა ბექა ურჯუკაშვილმა ერთი ჯარიმა გაქვითა, ოღონდ მხოლოდ 2 წუთით, რადგან ახლა “არმია” დაჯარიმდა და ყიასაშვილი ზუსტი იყო. 32-ე წუთზე საკუთარ 22-ში უკვე “ლელო-სარასენსის” შერკინება დაჯარიმდა და ურჯუკაშვილმა შანსი გამოიყენა, 35-ე წუთზე კი, “ლელოზე” პირველი ლელო გავიდა: მასპინძლებმა 47 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში და ოთარ ბარკალაიამ ბურთი აუტში ზედ ალამთან გადაიტანა, მოლით მიძალება და მორკინალების დარტყმა არმიელებმა ზედ ხაზზე შეაჩერეს, მერე ბურთი ახალგაზრდა გარემარბმა რატი შანიძემ მიიღო და ორი მცველის მცდელობის მიუხედავად ლელოში დაამიწა. ყიასაშვილის გარდასახვას ურჯუკაშვილმა ზუსტი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 19:9 დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში “ლელო-სარასენსმა” კვლავ ლელოზე ითამაშა, “არმიამ” ბოლო ზღუდე კარგად გაამაგრა და 52-ე წუთზე ყიასაშვილმა ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა მიითვალა. თამაში რომ განახლდა მასპინძლებმა მოლით იარეს კარგად, მერე ყიასაშვილმა ხაზი გაჭრა და 22-ში შეაჩერეს, დავით დაუშვილი კი, გვიანი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ჩემპიონმა კაცნაკლულ მეტოქესთან კვლავ ლელოზე ითამაშა და მიზანს 63-ე წუთზე მიაღწია, როდესაც მათმა მოლმა არმიელთა დაცვისგან არაფერი დატოვა და შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭყოიძე ლელოს ავტორი გახდა.
ახლა “ლელო-სარასენს” პრემიალური ქულის ასაღებად ერთი უპასუხო ლელო ჭირდებოდა, მაგრამ “არმია” არ გატყდა და ბოლო წუთებმა მათ იერიშებში ჩაიარა. პირველ ჯერზე ურჯუკაშვილმა შეძლო ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა, თუმცა მას მცველები ჩაუწვნენ. მერე მოლითაც რომ არაფერი გამოვიდა გიგი გაბუნიამ მარჯვენა ფრთაზე ფეხით მოზომილად ჩაკიდა და ბურთს დავით მესხი კარგად მიყვა, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:16 “ლელო-სარასენსის” სასარგებლოდ.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. II ტური
12 სექტემბერი
თბილისის. “ავჭალა”.
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 16:8 (16:3)
თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 2000 მაყურებელი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმია (თბილისი) 29:16 (19:9)
13 სექტემბერი
გონიო. 17:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქი (გორი)
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
გუნდები თ მ ფ წ +/_ ქ ბ
ლელო-სარასენსი | 2 | 2 | 0 | 0 | 38:22 | 8 | 0 | |
აია | 1 | 1 | 0 | 0 | 25:9 | 5 | 1 | |
ჯიქი | 1 | 1 | 0 | 0 | 17:12 | 5 | 1 | |
აკადემია | 2 | 1 | 0 | 1 | 22:17 | 5 | 1 | |
ბათუმი | 1 | 1 | 0 | 0 | 26:18 | 4 | 0 | |
ლოკომოტივი | 1 | 1 | 0 | 0 | 21:16 | 4 | 0 | |
არმია | 2 | 0 | 0 | 2 | 32:50 | 1 | 1 | |
ყოჩები | 1 | 0 | 0 | 1 | 12:17 | 1 | 1 | |
არმაზი | 1 | 0 | 0 | 1 | 18:26 | 0 | 0 | |
ხარები | 2 | 0 | 0 | 2 | 17:41 | 0 | 0 |