სხვა

21:31 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნები  სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ

სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში, რომელსაც ,,ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენა მასპინძლობდა. ტურნირში აფხაზეთის, აჭარა-1, აჭარა-2, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, ქუთაისის, წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერის, ხაშურისა და თბილისის 65 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც შემადგენლობიდან ჩანს, თუ არ ჩავთვლით თბილისს, აღმოსავლეთ საქართველოდან მხოლოდ ერთმა რაიონმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მძლეოსნობის ფედერაციას ამ მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, რაზეც კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს კახი კახიაშვილს.

-რით შეიძლება აიხსნას , რომ ჩემპიონატში საერთოდ არ ჰყავთ წარმომადგენელი ისეთი მდიდარი ტრადიციების რეგიონებს, როგორიც კახეთი და ქვემო ქართლია?

-კომუნისტების შემდეგ აღნიშნულ რეგიონებში ძალოსნობის ბაზები გაპარტახდა, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება, რათა აღნიშნული ბაზები აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო ფედერაცია ვერაფერს გახდება.

-თქვენ თუ ეცადეთ ამ რეგიონებში ძალოსნობის ბაზების აღდგენას?

-სასიკეთო ძვრები არის ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონში, რასაც ვერ ვიტყვი კახეთზე.

-დასავლეთ საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

-აქ შედარებით უკეთესადაა საქმე, მაგრამ სასურველისგან მაინც ჯერ კიდევ შორსაა. მაგალითად, საჩხერის ძალოსნები , რომლებმაც გუნდურში მესამე ადგილი დაიკავეს, მიტოვებულ, ავარიულ შენობაში ვარჯიშობენ. აქვე დავამატებ, რომ ძალოსნობა სპორტის ფუნდამენტური სახეობაა. ძალოსნების გარდა მათი დარბაზით შეუძლიათ ისარგებლონ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებმაც. სიტყვას ვიძლევი, რომ ამ მხრივ მათ პრობლემები არ ექნებათ. თბილისში დასრულებული ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაგვრჩა მაღალი ხარისხის ინვენტარი, რომელსაც ბოლომდე ვერ ვიყენებთ, რადგან რეგიონებში , როგორც უკვე ავღნიშნეთ სათანადო ბაზები არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე ამ პრობლემას მარტო ფედერაცია ვერ მოაგვარებს.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვით ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთ ჩემპიონს , ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს მივმართეთ.

-ჩემპიონატში ქვეყნის ყველა წამყვანი სპორტმენი მონაწილეობდა?

- თუ არ ჩავთვლით დისკვალიფიცირებულ შოთა მიშველიძეს ( 69 კგ ) და ლაშა ტალახაძეს (მძიმე წონა) ტურნირში ქვეყნის ყველა წამყვანი ძალოსანი მონაწილეობდა.

- თქვენს მიერ ნახსენებ ძალოსნებს დისკვალიფიკაცია როდის უმთავრდებათ?

-ერთ თვეში.

- სპორტსმენების გამოსვლებით რამდენად კმაყოფილი დარჩით?

-იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. სხვადასხვა მიზეზის გამო მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

- 20-29 ნოემბერს ჰიუსტონი ( აშშ) ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მედლებთან ერთად 2016 წლის რიოს ( ბრაზილია) ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს რამდენი ძალოსანი წარადგენს?

- გუნდში 8 მამაკაცი და 2 ქალი იქნება. მამაკაცების ძირითადი შემადგენლობა თითქმის უკვე გარკვეულია, მაგრამ მათი დასახელებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რაც შეეხება ქალებს, სულ ორი სპორტსმენი გვყავს და არჩევანი არც ყოფილა. ესენი არიან 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თათია ლორთქიფანიძე და უკრაინიდან ნატურალიზებული ანასტასია გოტფრიდი, რომელიც მძიმე წონაში გამოვა.

რადგან ქალებს კონკურენტი არ ჰყავდათ, ისინი ამ ჩემპიონატში კონკურსგარეშე წარსდგნენ და საპატიო სიგელები მიიღეს.

რაც შეეხებათ მამაკაცებს, აქ ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

56 კგ

1.ზაზა ფუტკარაძე ( აჭარა, 202 კგ)

2.ზვიად ფუტკარაძე ( აჭარა, 197)

3.გიორგი დოკვაძე ( საჩხერე, 183)

62 კგ

1.რამინ შამილაშვილი ( აჭარა, 262 )

  1. გოდერძი ბერდელიძე ( საჩხერე, 256)
  2. ზურა ბარელაძე ( საჩხერე, 210)

69 კგ

  1. გოგა ჩხეიძე ( ზუგდიდი, 285)
  2. ვაჟა ქავთარაძე ( აჭარა, 243)
  3. ნოდარ კაკაბაძე ( ქუთაისი, 243)

77 კგ

1.გიორგი ლომთაძე ( ქუთაისი, 319)

  1. ირაკლი გაბრიჭიძე ( საჩხერე, 305)
  2. თორნიკე თოდაძე ( საჩხერე, 301)

85 კგ

  1. დათო ხარატიშვილი ( აფხაზეთი, 315)
  2. ლაშა კოპალიანი ( წყალტუბო, 302)
  3. რეზი დავითაძე ( თბილისი,295)

94 კგ

  1. რაულ ცირეკიძე ( ქუთაისი, 354)
  2. ლონგინოზ ბრეგვაძე ( საჩხერე, 345)
  3. ნიკა ნანაძე ( თბილისი, 332)

105 კგ

  1. გიორგი ჩხეიძე ( ზუგდიდი, 360)
  2. ალუდა მანაგაძე ( ქუთაისი, 332)
  3. გიორგი მაისურაძე ( თბილისი, 268)

მძიმე

  1. ირაკლი თურმანიძე ( აჭარა, 416)
  2. გიორგი თურმანიძე ( თბილისი, 330)
  3. ზაალ კვიციანი ( ზუგდიდი, 320)

გუნდური:

1. ქუთაისი- 183 ქულა

2. ზუგდიდი-179 ქულა

3. საჩხერე-179 ქულა

მართალია, ზუგდიდისა და საჩხერის გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ზუგდიდელებმა უფრო მეტი რაოდენობის მაღალი სინჯის მედლები აიღეს და ამიტომაც უპირატესობა მათ მიენიჭათ. რაც შეეხება 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე გასულ ქავთარაძესა და კაკაბაძეს, თანაბარი წონები დაძლიეს, მაგრამ ქავთარაძე 160 გრ-თ მსუბუქი აღმოჩნდა და ამიტომ ის გახდა ვიცე-ჩემპიონი.

0.233528