დანიის საფეხბურთო სუპერლიგის მე-8 ტურში, “ორჰუსმა”, სადაც ქართველი ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გამოდიან, სტუმრად “ჰობროსთან” 1:2 წააგო.
ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. სხირტლაძე სათადარიგოთა შორის იჯდა, მაგრამ არ უთამაშია.
“ჰობრომ” ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა და თავი გიოკჩან კაიამ გამოიჩინა, ხოლო 45-ე წუთზე თომას ჰანსენმა საპასუხო გოლი გაიტანა. 89-ე წუთზე, მასპინძელმა მარტინ მიკელსენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ორჰუსს” 10 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-6 ტურში, “ფრაიბურგი” “კაიზერსლაუტერნს” ეწვია და 2:0 აჯობა. ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ფრაიბურგელებში 78-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრებმა “კაიზერსლაუტერნის” კარი 72-ე და 78-ე წუთებზე აიღეს – გოლები ამირ აბრაშიმ და ნილს პეტერსენმა გაიტანეს. “ფრაიბურგი” 15 ქულით 18 გუნდში მეორეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში, “პარიზმა” გასვლაზე “კლერმონთან” 1:1 ითამაშა. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. 26 წლის ქართველს მიმდინარე სეზონში “პარიზში” არ უთამაშია. პარიზელებს 8 ქულით 20 გუნდში მე-11 ადგილი უკავიათ.