ჩოგბურთი

7:30 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია და იტალიური ფინალი

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალში იტალიელებმა ფლავია პენეტამ და რობერტა ვინჩიმ გააღწიეს, რასაც ტურნირის დაწყების წინ ჩოგბურთის თუნდაც რომელიმე აპენინელი გულშემატკივარი ძნელად თუ წარმოიდგენდა. 1979 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებას ერთმანეთს ჩოგბურთელები შეეცილებიან, რომლებიც რეიტინგის მოწინავე ოცეულს მიღმა არიან.

განსაკუთრებით მოულოდნელი ნახევარფინალში რობერტა ვინჩის მიერ რეიტინგსიის ლიდერის სერენა უილიამსის ძლევა გახლდათ. სერენა 2011 წლიდან მოყოლებული პირველად დამარცხდა აშშ-ის ღია პირველობაზე, ამასთან ამ მარცხით 2015 წლის სეზონის კალენდარული დიდი სლემი ვერ შეასრულა.

უილიამს-უმცროსისა და ვინჩის ნახევარფინალური დუელი 2 საათს გაგრძელდა. პირველი სეტი სერენამ იოლად, 6:2 მოიგო, მეორე-მესამე პარტიებში კი რობერტა აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, 6:4, 6:4 იმარჯვა და ფინალშიც გავიდა. ეს მეტოქეები ნიუ იორკში ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ვინჩიმ პირველად მოახერხა სერენას დამარცხება.

“ზედმეტია იმაზე საუბარი, რამდენად გულგატეხილი ვარ. არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშე, უბრალოდ რობერტა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. აშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა სერენამ იტალიელთან წაგების შემდეგ.

უილიამს-უმცროსისგან განსხვავებით რობერტა ვინჩი საპირისპირო განწყობაზე იყო: “ბოდიშს ვუხდი ნიუ იორკელ მაყურებელს – მათ ხომ სერენას ფინალში გასვლა ეწადათ. დღეს დილითაც კი ვერ წარმოვიდგენდი, სერენას დამარცხებას რომ მოვახერხებდი. 32 წლის ვარ და მეგონა, დიდი სლემის ტურნირის ფინალში ვერასდროს ვითამაშებდი, საბედნიეროდ, შევცდი. გუშინ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი დავჯავშნე, ხვალ კი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება მომიწევს. სერენას რაც შეეხება, ის ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ქალია, მე კი მახარებს, წლეულს აშშ-ის ღია პირველობას იტალიელი რომ მოიგებს”.

0.142906