ფეხბურთი

0:59 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ ვერ მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის გახსნითი შეხვედრა “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ლევანტემ” ანდალუსიური “სევილია” მიიღო და ვალენსიაში ორი ქულა დაატოვებინა.

უნაი ემერის გუნდს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ელის "გლადბახთან" და გუშინდელ მატჩში რამდენიმე მოთამაშე დაასვენა: ევერ ბანეგა, ხოსე ანტონიო რეიესი და მიკაელ კრონ-დელი, ხოლო ადილ რამი, ნიკოლას პარეხა და დანიელ კარისო ტრავმირებულნი არიან.

პირველ ნახევარში სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა. მე-12 წუთზე სტივენ ნ’ზონზი შესანიშნავი შორეული დარტყმით რუბენი უშანსოდ დატოვა და თავის გუნდს პირველი 45 წუთი მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი “დალაქებისთვის” მიმდინარე ლა ლიგაში პირველი აღმოჩნდა.

ფრანგის გარდა, გოლის გატანა ლორენტესა და ვიტოლოს შეეძლოთ – პირველის თავური ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო მეორემ სტუმართა კიპერს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და უპირატესობა “ბაყაყებმა” მოიპოვეს. პირველად 51-ე წუთზე ბეტოს კარს ნაბილ გილასი დაემუქრა, თუმცა ალჟირელის დარტყმულს მცველები გადაეღობდნენ და სიტუაცია განიმუხტა.

მასპინძელთა მორიგი შეტევა კი, შედეგიანი აღმოჩნდა – 58-ე წუთზე ხოსე მარის გამჭოლი პასის შემდეგ, მარჯვენა ფლანგზე კამარასამ მიიღო ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ვერზას მიმართულებით ჩააწოდა, მისი დარტყმული ბეტომ უკუაგდო, თუმცა დამატებაზე კამარასა გაჩნდა და წონასწორობა აღადგინა.

ლუკას ალკარაზის შეგირდები ამაზე არ შეჩერებულან და მოსაგებად გაიწიეს, 73-ე წუთზე ხოსე მარი შორიდან ემუქრებოდა ბეტოს კარს, მაგრამ პორტუგალიელმა კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

დარჩენილ დროში ორი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, კლუბები მეტოქის კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. მასპინძელთა მომენტი სადავო გახლდათ, ხოლო სტუმართა პროტესტი აშკარად მართებული გახლდათ, რადგან ჩირო იმობილეს თავური დარტყმის შემდეგ ხუანფრანს ხელზე მოხვდა ბურთი, თუმცა იგლესიას ვილანუევას სასტვენი დუმდა.

საბოოლოდ ფრე 1:1 და “სევილია” კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია, ისივე როგორც "ლევანტე". კლუბები ორი ქულით მეზობელ 13-14 პოზიციებზე იმყოფებიან.

ლევანტე – სევილია 1:1 (0:1)


ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-4-2): რუბენი, ხუანფრანი, ტრახილიო, მორალესი, ტონიო, ფედალი, ხოსე მარი, კამარასა, ვერზა, გილასი, დეივერსონი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

სევილია (4-4-2): ბეტო, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, ტრემულინასი, კოკე, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, კაკუტა (კონოპლიანკა 31), ვიტოლო, გამეირო, ლორენტე.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ნ’ზონზი (12), 1:1 კამარასა (58).
გაფრთხილებები: მორალესი, ხუანფრანი, გილასი – კაკუტა, ტრემულინასი, კონოპლიანკა
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
0.173872