საქართველოს ბოლო სამი წლის ჩემპიონი, დიდი დიღმის სარაგბო კლუბი “ლელო-სარასენსი”, მშობლიურ უბანში ახლადაშენებულ სტადიონზე თავის პირველ შეხვედრას გამართავს.
დიდდიღმელი ახალგაზრდები რაგბის თამაშს სწორედ “ლელო-სარასენსში” იწყებენ, ახალმა სტადიონმა და საუკეთესო პირობებმა წესით მათი რიცხვი კიდევ უფრო უნდა გაზარდოს. როგორც წესი, ჩემპიონატის გახსნით მატჩს ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ატარებს ხოლმე, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის შემთხვევაში, რომელსაც ამიერიდან “დიდი 10” ეწოდება, რატომღაც ასე არ მოხდა და ამ კოხტა სტადიონის ოფიციალური გახსნაც მეორე ტურში შედგება.
ამრიგად, 12 სექტემბერს, 18 საათზე, თბილისში ახალი სარაგბო სტადიონის, “ლელოს” ნათლობა შედგება და “ლელო-სარასენსი” დედაქალაქურ დერბიში “არმიას” დაუხვდება. პირველ ტურში გადახალისებულმა არმიელებმა პირველ ტაიმში აჯობეს ვიცე-ჩემპიონ “ლოკომოტივს”, მაგრამ მეორე ტაიმი სრულად დათმეს და გაუმართლათ ბოლო ჯარიმით პრემიალური ქულის აღება რომ მოახერხეს. “ლელო-სარასენსმა” დიდი ბრძოლა გადაიტანა უძლიერესთა შორის დაბრუნებულ “აკადემიასთან” და მეტოქეს ერთი ჯარიმით აჯობა.
12 სექტემბერს, 18 საათზე “ავჭალაზე” იწყება “აკადემიასა” და რუსთავის “ხარების” შეხვედრა. აკადემიელებზე უკვე ვთქვით და რუსთაველები პირველ ტურში ქუთაისში, “აიასთან” 9:25 დამარცხდნენ, თანაც სამი უპასუხო ლელო მიიღეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც დაუტოვეს.
კვირას კიდევ ორი თამაშია. ქუთაისელები “ბათუმს”, რომელმაც პირველ ტურში “არმაზი” თბილისში 26:18 დაამარცხა, გონიოში ეწვევიან. “ავჭალაზე” “ლოკომოტივი” გორის “ჯიქს” ეთამაშება, რომელმაც “ყოჩებს” მცირედით კი სძლია (17:12), მაგრამ 17-იდან 15 ქულა ლელოებით მიითვალა და პრემიალური ქულაც შეხვდა. “არმაზისა” ბოლნისის “ყოჩების” შეხვედრა გადაიდო. ვასილ ლობჟანიძე, მურაზ გიორგაძე და ირაკლი მაჩხანელი ნაკრებთან ერთად ინგლისში, მსოფლიო თასისთვის ემზადებიან და მათ გარეშე პირველ ტურში “ბათუმთან” მოგება რომ ვერ მოხერხდა, ახლა “არმაზმა” თამაშის გადადება მოითხოვა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. II ტური
12 სექტემბერი
თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 18:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმია (თბილისი)
13 სექტემბერი
გონიო. 17:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქი (გორი)
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
1. | აია | 1 | 1 | 0 | 0 | 25:9 | 5 | |
2. | ჯიქები | 1 | 1 | 0 | 0 | 17:12 | 5 | |
3. | ბათუმი | 1 | 1 | 0 | 0 | 26:18 | 4 | |
4. | ლოკომოტივი | 1 | 1 | 0 | 0 | 21:16 | 4 | |
5. | ლელო-სარასენსი | 1 | 1 | 0 | 0 | 9:6 | 4 | |
6. | აკადემია | 1 | 0 | 0 | 1 | 6:9 | 1 | |
7. | არმია | 1 | 0 | 0 | 1 | 16:21 | 1 | |
8. | ყოჩები | 1 | 0 | 0 | 1 | 12:17 | 1 | |
9. | არმაზი | 1 | 0 | 0 | 1 | 18:26 | 0 | |
10. | ხარები | 1 | 0 | 0 | 1 | 9:25 | 0 |