ფეხბურთი

13:53 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტური ცენტრალური მატჩის გარეშე

სანაკრებო პაუზის შემდგომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დღეს ორი მატჩით განახლდება – მარტვილში, “მერანი” თბილისის “დინამოს”, ხოლო თბილისში, “ლოკომოტივი” ლანჩხუთის “გურიას” დაუხვდება.

11 სექტემბერი

“მერანი” – “დინამო” (თბ)

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00 საათი

“დინამო” სამი ტურის შემდგომ ერთ-ერთია იმ გუნდთა შორის, რომელიც წინ უდანაკარგოდ მიიწევს. გია გეგუჩაძის შეგირდებმა პირველი სამი მატჩი დამაჯერებლად და კითხვის ნიშნების გარეშე მოიგეს და ბუნებრივიცაა, რომ სამეგრელოში აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩადიან. თავის მხრივ, “მერანი” პირიქით, - უქულოდ ასპარეზობს.

“ლოკომოტივი” – “გურია”

თბილისი, “მიხეილ მესხი”, 20:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩაფიძე (“გურია”)

დღის მეორე მატჩში კი პირველი სამი ქულის მოპოვებას ეცდება “ლოკომოტივი”. ვასილ მაისურაძის ახალგაზრდულმა გუნდმა სასტარტო სამივე მატჩი წააგო და ამჯერად წაფორხილება მის გეგმებში აღარ უნდა შედიოდეს. მეტოქე კი კერკეტი კაკალია – “გურია” ადვილი მეტოქე არავისთვისაა და წესით, დედაქალაქშიც ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

12 სექტემბერი

“საბურთალო” – “სამტრედია”

თბილისი, “ბენდელა” 16:00 საათი

მე-4 ტურის დარჩენილი მატჩები შაბათს გაიმართება. საკმაო ინტერესს იწვევს “ბენდელას” სტადიონზე გასამართი შეხვედრა, სადაც “საბურთალო” “სამტრედიას” მიიღებს. ორივე გუნდის რიგებში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები სჭარბობენ. იმერლებმა სტარტზე ყველა შეხვედრა მოიგეს, რასაც ბევრი არ მოელოდა. თუმცა, გია ცეცაძის ხელში ეს გუნდი ჩინებულად გამოიყურება. ურიგოდ არც “საბურთალო” თამაშობს – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 6 ქულა აქვს, რაც უდაოდ წარმატებაა.

“დინამო” (ბთ) – “ტორპედო”

ქობულეთი, “ჩელე არენა”, 16:00

დისკვალიფიცირებული: შალვა ფურცხვანიძე, დათა სიჭინავა (ორივე “ტორპედო”)

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ქობულეთშია დაგეგმილი. ბათუმის “დინამომ” სეზონი კარგად დაიწყო და 7 ქულით მოწინავე სამეულშია. შოთა ჭეიშვილის გუნდი მორიგი ქულების დაგროვებას ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩში შეეცდება. იმერლებმა სეზონის წინ მაღალი მიზნები დაისახეს, მაგრამ ჩემპიონატი არასტაბილურად დაიწყეს და ამ დროისთვის ცხრილის შუაში იმყოფებიან.

“ზუგდიდი” – “ჩიხურა”

ზუგდიდი, “ბაიას ბაზა”, 16:00

ზუგდიდში, ადგილობრივი გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუხვდება და ახალ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. მეგრელებს საწყის სამ ტურში მხოლოდ კინკილა ქულა დაუგროვდათ და გამოფხიზლების დრო აშკარად დაუდგათ. იმერლები კი პირიქით – 6 ქულით ცხრილის ზედა ნაწილში არიან მოკალათებულნი და მეტოქესაც ამაღლებულ განწყობაზე სტუმრობენ.

“კოლხეთი” – “შუქურა”

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 16:00

ლანჩხუთში, ფოთის “კოლხეთი” ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს და პირველი ქულების დაგროვებას ამ მატჩში გეგმავს. თავის მხრივ კარგი მდგომარეობა არც აჭარლებს აქვთ და მეტოქეს წესით არაფერი უნდა დაუთმონ.

“საპოვნელა” – “სიონი”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”, 16:00

ბოლო საფეხურზე მყოფი დებიუტანტი თერჯოლის “საპოვნელა” ისტორიული ქულების მოპოვებას ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში აპირებს. რამდენად გამოუვათ ეს ყოველივე იმერლებს ვნახავთ, ისე კი “სიონი” წარმატებულად თამაშობს და აუტსაიდერთან ქულების განიავებას არ აპირებს.

“დილა” – “ცხინვალი”

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი კი გორში გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას დაუხვდება. გორელებმაც და მისმა ამჟამინდელმა ოპონენტმაც სეზონი საბოლოო ჯამში კარგად დაიწყეს, “დილას” 7 ქულა აქვს, “ცხინვალს” – 6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113357