თბილისში გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის 2015 წლის გათამაშება ჭადრაკში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ. მათ ტურნირის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
დავით ნარმანია: ,,თბილისის ჭადრაკის სასახლე აქამდე მუნიციპალურ სარგებლობაში იყო. რამდენიმე წლის წინ დაისვა საკითხი ამ შენობის ჭადრაკის ფედერაციისათვის გადაცემის თაობაზე. მზადდება დოკუმენტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც ჭადრაკის სასახლის შენობა მთლიანად ჭადრაკის ფედერაციის კერძო საკუთრებაში გადავა...’’
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ,,ქალბატონი ნონას და მისი მეგობრების დამსახურებაა, რომ საქართველოში ჭადრაკი სპორტის წამყვან სახეობად ითვლება. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს 300 სკოლაში ჩატარდება ჭადრაკის გაკვეთილები. მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ,,ნონას თასის“ გათამაშებას, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს...’’
გია გიორგაძე: ,,მოგესალმებით, მადლობა ქალბატონ ნონას, მადლობა მთავრობას ტურნირის მხარდაჭერისათვის და ჭადრაკის სასახლის მოჭადრაკეთა კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჭადრაკის სასახლე მხოლოდ ქართული ჭადრაკის განვითარების საქმეს მოხმარდება. იმედია ტურნირს ღირსეული გამარჯვებული ეყოლება...’’
ნონა გაფრინდაშვილი: ,,მადლობა ქალაქ თბილისის მერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სპორტის მინისტრს, ტურნირის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და აქ დამსწრე საზოგადოებას. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ძნელია რაიმე წარმატების მიღწევა. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჭადრაკის სასახლე მოჭადრაკეებს უნდა გადასცეს . მათ ეძლევათ შანსი თავიანთი ნიჭი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინონ...’’
,,ნონას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში 7 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი) 180-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდი 40 000ლარია, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. ამ ტურნირში მოჭადრაკეთა ყველა თაობის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.