ფეხბურთი

14:25 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო რევიშვილი, ჩაკარგული ლობჟანიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ დუბლინში, ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ჯონათან უოლტერსმა გაიტანა.

კახა ცხადაძემ ამ მატჩში თითქმის იგივე შემადგენლობა ათამაშა, რაც თბილისში სამი დღით ადრე გამოსცადა. ერთი განსხვავებით: ტრავმირებული ჯანო ანანიძის ნაცვლად სასტარტოში ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ.

ნუკრი რევიშვილი 7 – ნუკრიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კარგ ფორმაშია. “მორდოვიას” კიპერმა პირველ ტაიმში კოულმენის რთული დარტყმა მოიგერია, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ უფრო დაიტვირთა და საქმეს თავი წარმატებით გაართვა. გაშვებულ გოლში კი მისი დადანაშაულება ცოტა რთული იქნება.

უჩა ლობჟანიძე 5 – ლობჟანიძემ შოტლანდიასთან მატჩით თავი ვეღარ გამოიჩინა. წინ წასვლა უჭირდა და ამჯერად ვერც დაცვაში იდგა მოწოდების სიმაღლეზე. გოლის დროსაც უკეთ მოქმდება მართებდა, როცა ჯეფ ჰენდრიკმა ადვილად მოატყუა...

საბა კვირკველია 6.5 – “რუბინის” უკანახაზელი ამჯერადაც კარგად იდგა. საბამ ერთ ეპიზოდში მათე ცინცაძის შეცდომა გამოასწორა და შეილ ლონგს გოლის გატანაში ხელი შეუშალა. ეს მატჩის მიწურულს იყო, მანამდე კი ლობჟანიძის დაზღვევა დააგვიანა და გოლიც გავუშვით.

ალექსანდრე ამისულაშვილი 6.5 – ვეტერანი მცველი გუშინ ალბათ, დაცვაში ყველაზე კარგი იყო. ამისულაშვილმა ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო, ხოლო ერთ მომენტში მეტოქეს დიდოსტატურად აართვა ბურთი.

ზურაბ ხიზანიშვილი 6.5 – ნაკრებში დაბრუნებულ მცველს ბევრი ალმაცერად უყურებდა. თუმცა გამოცდილ ფეხბურთელს გუშინ ურიგოდ არ უთამაშია. იყო ეპიზოდი, როცა მისმა სწორმა პოზიციამ და მაღალ ბურთზე დროულმა თამაშმა გარდაუვალი გოლისგან გვიხსნა. ერთიცაა – გოლის დროს უკეთ მოქმედება ალბათ, შეეძლო.

გიორგი ნავალოვსკი 6.5 – ტრადიციულად გორის “დილას” მცველი არ გაჩერებულა. საპირისპირო ფლანგისგან განსხვავებით, გიორგი შეტევაში ხშირად მიდიოდა და გამწვავებას არ ერიდებოდა. მეტწილად პირველ 45 წუთში. უოლტერსის გოლის დროსაც ეცადა გუნდი გადაერჩინა, მაგრამ ამაოდ.

გურამ კაშია 5.5 – “ვიტესის” ქართველი კაპიტანი ამჯერად საყრდენი ნახევარცმველის პოზიციაზე ვიხილეთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გურამი გაცილებით კარგად დაცვაში გამოიყურება. ეს ნამდვილად არ იყო მისი თამაში.

ჯაბა კანკავა 7 – პირველ ტაიმში კანკავა უშეცდომო იყო. კაპიტანს არცერთი ბრძოლა არ წაუგია და რაც მთავარია უამრავი შეტევა ჩაჭრა. მეორე ნახევარში ოდნავ უკლო, მაგრამ გუშინ ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ნათელი წერტლი სწორედ ჯაბა გახლდათ.

ვალერი ყაზაიშვილი 5.5 – სამი დღის წინანდელი მატჩის გმირი არცთუ კარგად გამოიყურებოდა. ვაკომ პირველ ტაიმში მეტოქე რამდენჯერმე კარგად მოატყუა, მაგრამ ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. მეორე ნახევრის შუაში კი იგი შეცვლილი იქნა.

თორნიკე ოქრიაშვილი 7 – ოქრიაშვილის შეჩერება დამძიმებულ ირლანდიელ მცველებს უჭირდათ. სასიამოვნო სანახავი იყო ისიც, რომ “გენკის” შემტევი მოედნის თითოეულ ნაწილზე ბოლომდე იბრძოდა და ხშირად გამარჯვებულიც გამოდიოდა.

ლევან მჭედლიძე 6.5 – მჭედლიძე 82 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. მერე კი ფეხი იტკინა და თამაში ვეღარ განაგრძო. პირველ ტაიმში ლევანს კარგი მომენტიც შეექმნა, თუმცა დარტყმა დაუფარეს. მეორე ნახევარში კი მასთან ბურთის მიტანა ჩვენს ნახევარმცველებს აშკარად უჭირდათ.

გიორგი პაპუნაშვილი 5.5 – 20 წლის შემტევმა ნაკებში მეორე მატჩი გამართა. შეტევაში დიდად თავი ვერ გამოიჩინა. გოლის დროს კი ლობჟანიძესთან ერთად სწორედ გიორგის გაექცა ჰენდრიკი. მასპინძლებმა ორი ყვითელი მიიღეს და ორივე პაპუნაშვილზე წესების დარღვევისთვის. ორივე გაფრთხილება კი ონილის გუნდს ძვირად დაუჯდა, რადგან გერმანიასთან ის ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ.

მათე ცინცაძე შ.გ – სანაკრებო დებიუტი ჰქონდა ცინცაძეს. მოედანზე გამოსვლისთანავე უყურადღებოდ ითამაშა და რომ არა საბა კვრიკველიას დროული თამაში ალბათ მეორე გოლსაც გავუშვებდით.

ლევან ყენია შ.გ – ყენიამ 10 წუთი ითამაშა და ბურთის თითქმის არც მიუღია.

კახა ცხადაძე 6 – პირველ ტაიმში ნაკრები გააზრებულად თამაშობდა. იყო მოკლე პასები, კომბინაციების გათამაშება. მეორე ნახევარში კი ჩვენგ გუნდს უფრო მეტი წუნი ჰქონდა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ცხდაძის ცვლილეებმა მატჩზე გარდატეხა მოახდინა.

0.125275