ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი ნამატჩევს კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი საგოლე კომბინაციის მონაწილენი – ჯეფ ჰენდრიკი და ჯონ უელანი შეაქო.
“ჯეფი შეუდარებელი გახლდათ, ჯონმა კი შეტევა ბრწყინვალედ დააგვირგვინა. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, ფეხბურთელები ენერგიაგამოცლილები გამოიყურებოდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ სათანადოდ ვიასპარეზეთ და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ. მეორე ტაიმის მსვლელობიდან გამომდინარე, გოლს და მოგებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ ასეც მოხდა”, - განაცხადა კუნძულელთა დამრიგებელმა.
“წინ 2 ურთულესი შესარჩევი მატჩი გველის. 8 ოქტომბერს გერმანიას ვმასპინძლობთ. იოაჰიმ ლიოვის გუნდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამასთან გერმანიასთან გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ და დუბლინში მეტოქეს ოპტიმისტურად დაუხვდებით. საკვალიფიკაციო ციკლს გასვლაზე პოლონეთთან ვასრულებთ. ვარშავაშიც ურთულესი ორთაბრძოლა გველის. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრაში მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ”, - აცხადებს ონილი.
8 ტურის შემდეგ ევრო2016-ის D შესარჩევ ჯგუფს 19 ქულით გერმანია ლიდერობს, მსოფლიო ჩემპიონებს 2 ქულით პოლონეთი ჩამორჩება, მესამეზე კი 15 ქულით ირლანდიაა. შოტლანდია 11 ქულით მეოთხეა. მომდევნო ტურში შოტლანდია გლაზგოშო პოლონეთს დაუპირისპირდება, დასკვნით მატჩს კი გიბრალტართან ჩაატარებს.







