ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო2016-ის ბოლო 2 შესარჩევი მატჩი წარუმატებლად ჩაატარა. ბალკანელებმა ჯერ ბაქოში, აზერბაიჯანთან დაკარგეს მნიშვნელოვანი 2 ქულა (0:0), შემდეგ ოსლოში, ნორვეგიასთან 0:2 დამარცხდნენ და შედეგად სატურნირო ცხრილში საგრძნობი უკუსვლა აქვთ. H საკვალიფიკაციო ჯგუფში ხორვატებმა მესამე პოზიციამდე დაიხიეს (15 ქულა) და 8 ტურის შემდეგ ლიდერ იტალიას (18) და ნორვეგიას (16) ჩამორჩნენ.
ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში გამომავალი “სპორტსკი ჟურნალი” იუწყება, რომ ხორვატთა ეროვნული გუნდის მთავარმწვრთნელობიდან ნიკო კოვაჩის გადაყენების ამბავი დროის საქმეა. გარდა არასასურველი შედეგისა, კოვაჩს ნაკრების ფეხბურთელებიც აუმხედრდნენ. მოთამაშეები დამრიგებლის მიერ არჩეული ტაქტიკით უკმაყოფილონი არიან, ამასთან მწვრთნელს რთული ურთიერთობა აქვს მადრიდის “რეალის” ნახევრმცველ ლუკა მოდრიჩთან. ხსენებული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს დღეებში ხორვატთა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები შეიკრიბებიან და ნიკო კოვაჩის დაკავებული პოსტიდან დათხოვნის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
ხორვატია მომდევნო შესარჩევ მატჩს 10 ოქტომბერს შინ ბულგარეთთან ჩაატარებს და იმ შეხვედრაში მსოფლიოს 1998 წლის პრიზიორებს მინდორზე ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანს.







