ფეხბურთი

0:56 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგრძელებული ტრადიცია და მომავლის იმედი...(+VIDEO)

დუბლინში ტრადიცია არ დაირღვა – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდია საკმაოდ ანერვიულა, თუმცა დაცვაში დაშვებული ერთადერთი შეცდომის გამო მაინც წააგო. ჯეფ ჰენდრიკმა უჩა ლობჟანიძე პატარა ბავშვივით მოატყუა, მისი დაზღვევა ვეღარც საბა კვირკველიამ მოასწრო და დაუცველ კართან მდგომ ჯონათან უოლტერს გატანა არ გასჭირვებია. ჩვენდა სამწუხაროდ, გიორგი ნავალოვსკის ვარდნაც ამაო გამოდგა და წავაგეთ თამაში, რომელშიც ქულის მოპოვება თავისუფლად შეიძლებოდა.

ყოველ შემთხვევაში პირველი ტაიმი კარგი იყო. მასპინძლებს არაფერს ვუთმობდით და მოედნის თითოეული ნაწილისთვის გააფთრებით ვიბრძოდით. აუგის თქმა საწყის ნახევარზე არცერთ ფეხბურთელზე შეიძლება. ჯაბა კანკავასა და თორნიკე ოქრიაშვილის მოქმედება კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ერთია, მეორე ტაიმში ირლანდიამ ზეწოლა გააძლიერა, “ჯვაროსნებსაც” დაღლა დაეტყოთ, სუსტ წერტილსაც მიაგნეს და გაგვტეხეს.

მეორე ტაიმი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთლიანად კელტების იყო. ეს არც იყო გასაკვირი – მარტინ ონილის გუნდს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა. ისე, შეტევით ფაზაში, რომ ოდნავ სითამამე გამოვიჩინოთ ურიგო არ იქნება. ასეთ დროს მეტოქე წნეხის ქვეშ ექცევა და გააზრებული თამაშის ჩვენება უჭირს. ალბათ, ეს ყოველივე დროის საკითხია და გამოსწორდება კიდეც.

თუმცა, ამ წაგებით ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება. გამოჩნდა ის სუსტი ადგილები, სადაც გუნდს მოსამატებელი აქვს და მუშაობის შემთხვევაში გამოსწორებაც შესაძლებელია. ბოლო 10 წუთი მოედანზე კაცნაკლულებმა გავატარეთ. ესეც ერთგვარი უიღბლობა იყო – იმ დროს, როცა ცხადაძეს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, სათამაშო სიტუაციაში ლევან მჭედლიძემ ფეხი იტკინა და თამაში ვეღარ განაგრძო. კარგი იქნება თუ 25 წლის ფორვარდის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება...

ისიც ვთქვათ, რომ განსაკუთრებული მომენტი არ გვქონია. ერთი ეგაა, რომ ბურთს ხშირად ვაკონტროლებდით, რაც ადრინდელთან შედარებით აშკარად თვალში საცემია. არც დაცვაში ყოფილა ბევრი შეცდომა, მაგრამ რაც იყო, ისიც წაგებად დაგვიჯდა...

ასეა თუ ისე, ვიბრძოლეთ, ვცადეთ, მაგრამ წავაგეთ. წავაგეთ, თუმცა არა უიმედოდ. ოქტომბერში გერმანიასთან და გიბრალტართან მატჩებით მიმდინარე შესარჩევ ციკლს დავასრულებთ. ამჯერად კი, შოტლანდიის ძლევა ვიკმაროთ...

ირლანდია – საქართველო 1:0 (0:0) VIDEO

დუბლინი, “ავივა სთედიუმი”

ირლანდია: გივენი, კოულმენი, ოში, კლარკი, ველანი, მაკარტი, უოლტერსი, ბრედი, ჰულეჰანი (მაკლეინი 75), ჰენდრიკი, კინი (ლონგი 46)

მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია (ცინცაძე 76), ნავალოვსკი, კანკავა, ხიზანიშვილი (ყენია 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (პაპუნაშვილი 64), მჭედლიძე

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლი: 1:0 უოლტერსი (70)

გაფრთხილება: ველანი (74), მაკლეინი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 5 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)

0.115874