ფეხბურთი

14:15 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “გოლის გატანას ვეცდებით”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევრო-2016-ის შესარჩევში ირლანდიასთან მატჩამდე განაცხადა, რომ მეტოქის მოტივაციის შესახებ კარგად უწყის, მაგრამ თუ მისი მოთამაშეები სათანადოდ ითამაშებენ, დასახულ მიზანს მიაღწევენ.

“ჩვენ ვიცით ირლანდია თავის მოედანზე როგორი მოტივირებული იქნება, რადგან მას ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს. თუ ყველა მწყობრში გვეყოლება და მოთამაშეებიც ისე გაირჯებიან როგორც გვსურს, მაშინ, კვლავ კარგად ვითამაშებთ, რაც ჩვენი მიზანია” – იუწყება ცხადაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი irishtimes.com-ი.

ცხადაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გუნდის ყოველ თამაშზე მოსაგებად გადის და ირლანდიასთან მატჩსაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს:

“ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსია, მაგრამ ჩვენ ვირტუალური რეალობის არ გვჯერა. ჩვენ ყოველი მატჩის მოგებას ვცდილობთ და ამ თამაშსაც მომავალი საკვალიფიკაციო ციკლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. შოტლანდიასთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, რის შემდეგ, 7 საათი ვიფრინეთ”.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალ მატჩში ბევრი რამ მოთამაშეების მდგომარეობაზეა დამოკიდებული:

“ყველაფერი ფეხბურთელების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთს უმნიშვნელო ტრავმები აქვს და ვნახოთ, თამაშის დღეს როგორ იქნებიან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გოლის გატანას ვეცდებით”.

საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც შოტლანდიელებთან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო თქვა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში გუნდი უფრო მეტს უტევს:

“შესარჩევი ციკლის წინ დიდი მოტივაცია გვქონდა, მაგრამ ცუდად დავიწყეთ. თუმცა, ახალი მწვრთნელის ხელში სათამაშო სტილი და სტრატეგია მკვეთრად შეიცვალა. ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი შევუტიოთ და მოთამაშეებსაც თავის გამოსაჩენად მეტი თავისუფლება აქვთ”.

0.120691