კალათბურთი

0:25 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ ნაცადი ხერხით დაგვჯაბნა  

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მე-2 მარცხი განიცადა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა, თუმცა, პლეი-ოფში გასვლის შანსი კიდევ დარჩა და მის გამოსაყენებლად ბრძოლა ნამდვილად ღირს.

თუკი ჰოლანდიასთან შეხვედრაში ქართველები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, სლოვენიასთან ასე აღარ ყოფილა. გუშინდელ მეტოქეს უკვე 2-ჯერ ვყავდით დამარცხებული და ამჯერადაც წარმატებას მიაღწია. იურე ზდოვცის შეგირდებმა შეხვედრა ისე მოიგეს, რომ მდევრის როლში არ ყოფილან და თუკი ბოლო წუთებს არ ჩავთვლით, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

საინტერესოა, “ნარინჯისფრებთან” მატჩის მსგავსად, იგორ კოკოშკოვის ნაკრებს პირველი ტაიმი “ჩაუვარდა”, მეორეში კი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. სტატისტიკური კუთხით სხვაც ბევრი რამ იყო საინტერესო და თქვენს ყურადღებად სწორედ ამ ფაქტებზე გავამახვილებთ.

როგორც აღვნიშნეთ, სლოვენიელები ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში, კონკრეტულად კი, 35:21 წუთის განმავლობაში წინ იყვნენ, ხოლო დარჩენილი დრო კყაიმი გახლდათ დაფიქსირებული. მათი უდიდესი უპირატესობა 22 ქულა იყო, ყველაზე დიდი “გაქცევა” კი – 8:0, როდესაც ანგარიში 70:48 გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ქართველებს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ. მე-4 მეოთხედში ჩვენმა ნაკრებმა ჩინებული პერიოდი ჩაატარა, როდესაც მეტოქეს 11 უპასუხო ქულა ჩაუგდო და 8 ქულამდე (68:76) დაუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველები უჩვეულოდ აკურატულად ირჯებოდნენ და მხოლოდ 12 დაკარგვა მოუგროვდათ, მაშინ, როდესაც სლოვენიელები ერთბაშად 23-ჯერ შეცდნენ. სხვა საქმეა, რომ დაკარგვებიდან დიდად ვერ ვიხეირეთ და მეტიც, მოწინააღმდეგეს 12:13 ჩამოვრჩით.

ჰოლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ფარქვეს საქართველოს ნაკრები დომინირებდა და სამწამიანი ზონიდად მეტოქეზე 16 ქულით მეტი (38:22) აიღო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი სტატისტიკის შემთხვევაში, პირველ ტურში გამარჯვება უცილობლად ჩვენ დაგვრჩებოდა.

ორქულიანები ნორმალური სტატისტიკით (21 37-დან, 57%) კი ვესროლეთ და საჯარიმოებშიც არა გვიშავდა (17 21-დან, 81%), სამაგიეროდ, შორი დისტანციიდან სროლაში სლოვენიელებმა აშკარად გვაჯობეს და გადამწყვეტი ფაქტორიც სწორედ ეს გახდა.

თავად განსაჯეთ. მეტოქეს პირველ ტაიმში 41 ქულიდან 24 სამქულიანებით ჰქონდა აღებული, თანაც 13-დან 8 სამქულიანი გამოიყენა. საბოლოო ჯამში, სლოვენიამ 21-დან 11 შორეული ტყორცნა (52%) მიითვალა, რაც ასევე დიდებული მაჩვენებელია.

ამ ფონზე, აღნიშნულ კომპონენტში საქართველო ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მანუჩარ მარკოიშვილმა, თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემ თითო სამქულიანი ჩააგდეს, დანარჩენი 17 (!) ტყორცნის შემდეგ კი, ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მეტოქის ფარზე ბრძოლა ძალიან გვიჭირდა, ამდენად, ის სხვაობა მოხსნებში, რომელიც სლოვენიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა, მეტწილად აცილებული სამქულიანების გამოძახილი იყო.

ქართველთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ შენგელია იყო, რომელმაც 29:39 წუთში 21 ქულა ჩააგდო და იმ მომენტებში, როდესაც ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირდა, ინიციატივას თავის ხელში იღებდა. მე-2 ტაიმში მოუმატა და 10-ქულიან ზღვარს უწია ვიქტორ სანიკიძემ, რაც იმედს გვიტოვებს, რომ დარჩენილ თამაშებში ჩვეულ ვიკას ვიხილავთ.

11-11 ქულა მოაგროვეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ, საქართველოს ნაკრების სხვა ლიდერებმა კი სასურველი თამაში ვერ აჩვენეს. ცხადია, ყველაზე გულდასაწყვეტი ზაზა ფაჩულიას დაბალშედეგიანი ასპარეზობა გახლდათ. კაპიტანი ძალიან მოტივირებული იყო, ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა და ერთხელ მსაჯებთან კამათის გამო, ტექნიკურ ფოლსაც გამორჩა, თუმცა, შეტევასი ძალიან გაუჭირდა.

ფაჩულია იმანაც შებოჭა, რომ პირველივე ტაიმში 4 პერსონალური ფოლი “აკრიფა” და როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ზაზამ 19:19 წუთს ითამაშა, თამაშიდან 6-დან ერთადერთი სროლა გამოიყენა და სამ ქულას დასჯერდა.

ამჯერად, უქულოდ დარჩა დუდა სანაძე, რომელიც ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხოლო როლი, რომელიც ნაკრებში ჯეიკობ პულენმა უნდა შეასრულოს, მცირედით გაურკვევლად რჩება. კოკოშკოვმა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მხოლოდ 13:47 წუთს დატვირთა და მანაც, პირველი ტურის მსგავსად, თამაშიდან ერთადერთი სროლა გამოიყენა, თანაც სამქულიანი მხოლოდ ერთხელ ისროლა, ამდენად, მისი ძლიერი მხარე რეალიზებული ისევ ვერ იქნა.

სლოვენიელთა მხრიდან უკანახაზელები გამოირჩნენ, რასაც მარტივი მიზეზი ჰქონდა. ვინაიდან ქართველებს პერიმეტრის კონტროლი უჭირდათ (ეს სენი ნაკრებს არაერთი წელია, თან გასდევს), მეტოქეები სასროლ პოზიციაზე ხშირად რჩებოდნენ. შედეგად, კლემენ პრეპელიჩმა 4-ვე სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოაგროვა, ხოლო იაკა კლობუჩარმა 4-დან 3 შორეული ტყორცნა მიითვალა და საბოლოოდ, 20 ქულას გამორჩა.

ევრობასკეტის 2 ტურის თავზე საქართველოს ნაკრები აუტსაიდერებში რჩება და ვინაიდან, თამაშის ამ ხარისხით ხორვატიასთან და საბერძნეთთან წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი იქნება, დიდი ალბათობით, ყველაფერი მაკედონიასთან მატჩში გადაწყდება. თუმცა, მანამდე საკმაოდ შორია და იქნებ, ერთხელ სასიამოვნო სიურპრიზი საქართველოს ნაკრებმაც შემოგვთავაზოს. 7 სექტემბერი C ჯგუფში დასვენების დღეა, 8-ში კი ქართველი კალათბურთელები საბერძნეთს ეთამაშებიან.

სლოვენია – საქართველო 79:68 (17:13, 24:13, 24:22, 14:20)

სრული სტატისტიკა: 79:68

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.14802