საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სლოვენიის ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე 2-ჯერ უთამაშია და ორივე შემთხვევაში დამარცხებულა. ახლა, ნავსის გასატეხად სწორედაც რომ შესაფერისი დროა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ევრობასკეტ-2015-ის პირველ ტურში ჰოლანდიელებთან მარცხის შემდეგ, თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდეს, მორიგი წარუმატებლობა კი, საერთოდაც მიზერულ შანსებს დაგვიტოვებს.
დღევანდელმა მეტოქეებმა დილის ვარჯიშები “ციბონას” საკალათბურთო დარბაზში ჩაატარეს. ჯერ არენაზე სლოვენიელები გამოცხადდნენ, ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის კი, ქართველთა ჯერიც დადგა. მოთამაშეებთან ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება მიეცათ და ცხადია, ნაცნობებმა ერთმანეთმა მოიკითხეს. ზაზა ფაჩულია ნბა-ში მოთამაშე ზორან დრაგიჩს გამოესაუბრა, მანუჩარ მარკოიშვილი კი მიჰა ზუპანს, რომელსაც ევროპულ მოედნებზე არაერთხელ გადაჰყრია.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა და ჩვეულ რიტმში წარიმართა. სჩანდა, რომ კომბინაციები კონკრეტულად მეტოქიდან გამომდინარე მუშავდებოდა. იგორ კოკოშკოვი წვრთნაში აქტიურად იყო ჩართული და იმედია, მისი ნამუშევარი მოედანზე გამოჩნდება. მთავარია, რომ ნაკრები პრინციპულ თამაშს სრულ მზადყოფნაში ხვდება და ტრავმები არავის აწუხებს.
“ჩვენ საფრანგეთის ან ესპანეთის ნაკრები არ ვართ, რომ ჰოლანდიასთან იოლი მოგება დაგვეგეგმა. საქართველოსთვის ყველა მატჩი პრინციპულია და პირველი ტურის თამაშზეც დიდი მოტივაციით გავედით, თუმცა, სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. ახლა, მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ. ვეცდებით, სლოვენიასთან მატჩში თავი უკეთესი კუთხით წარმოვაჩინოთ”, - აღნიშნა მანუჩარ მარკოიშვილმა.
მოტივირებული გახლდათ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია: „ძალიან რთულ მატჩს ველი. სლოვენია ქაღალდზე ფავორიტია და ამას თავისი მიზეზები აქვს. ისინი ჰოლანდიელებზე გაცილებით ძლიერად ითამაშებენ, ამდენად, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, მე ვიტყოდი, 110%-ით თამაშია საჭირო. საქართველოს ნაკრებისთვის, დიდი ალბათობით, ეს გადამწყვეტი მატჩია. ან მოვიგებთ და პლეი-ოფში გავსლის შანსი დაგვრჩება, ანაც ჩემოდნების ჩალაგება მოგვიწევს. მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია”.
შეგახსენებთ, რომ ამ პრინციპული თამაშის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დაახლოებით ნახევარ საათში გუნდები ზაგრებ-არენაში იქნებიან, უშუალოდ მატჩი კი თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან