ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც დღეს საბერძნეთთან პრინციპული მატჩი ელის, სერიოზული დანაკლისი აქვს. C ჯგუფის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მასპინძელთა წამყვანი მოთამაშე ბოიან ბოგდანოვიჩი, რომელსაც ტრავმა აქვს.
“ბრუკლინ ნეთსის” ლეგიონერი სლოვენიასთან პირველი ტურის მატჩში ხორვატთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 9 ქულაც მოაგროვა, მე-2 ტაიმში კი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ბოიანი მეტოქის კალათს უტევდა, როდესაც ნებოისა იოკსიმოვიჩს უხერხულად შეეჯახა და პარკეტზე აღმოჩნდა. ხორვატმა მცველმა თავი დაარტყა და როდესაც ექიმებმა მოასულიერეს, სათადარიგოთა სკამზე თანაგუნდელთა დახმარებით გადაინაცვლა...
“ბოგდანოვიჩმა თავი მაგრად დაარტყა და ექიმებმა მირჩიეს, თამაშში აღარ დამებრუნებინა. არადა, მისი მებრძოლი ხასიათი ხომ იცით. სლოვენიასთან დაძაბული თამაში მიდიოდა და 5-ჯერ მაინც მთხოვა, მოედანზე შესვლის უფლება მიმეცა. მგონი, სწორად მოვიქეცი, რომ დავასვენე. წინ კიდევ არაერთი მატჩი გველის და სჯობს, ბოიანი იმ თამაშებისთვის მოშუშდეს”, - განაცხადა ხორვატთა დამრიგებელმა ველიმირ პერასოვიჩმა სლოვენიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოგვიანებით ბოიანს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მისი საბერძნეთთან ჯახში დატვირთვაც სახიფათოა. მასპინძელთა გათვლა ამგვარია: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს, ხვალ ხორვატიას და C ჯგუფის სხვა წევრებს თამაშები არ უწევთ, 8 სექტემბერს, მაკედონიასთან მატჩისთვის კი, მას მწყობრში ელიან. ამდენად, თუკი ხორვატთათვის უსიამოვნო ამბავმა გაგრძელება ვერ ჰპოვა, ბოგდანოვიჩი, 10 სექტემბერს, როდესაც ხორვატიას საქართველოსთან თამაში უწევს, საქმეში უნდა ვიხილოთ.
თუმცა, მანამდე შორია, დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მასპინძლებს ბერძნებთან შერკინება ელით და დიდი ალბათობით, იმ გუნდის ვინაობა, რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს, სწორედ ამ მატჩში გაირკვევა. შეხვედრას, რომელიც “ზაგრებ-არენაზე” 23:00 საათზე დაიწყება, პერასოვიჩი ასე გამოეხმაურა:
“თამაში ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს, რომელსაც ჩინებული შემადგენლობა ჰყავს და ტრადიციებიც არ დაეწუნება. არის თუ არა საბერძნეთი ტურნირის ფავორიტთა შორის? რასაკვირველია. ამაზე 2 აზრი არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ გარკვეული პლიუსები ჩვენც გვაქვს. მთავარია, ათლეტურ თამაშში არ დავიჩაგროთ, ინდივიდუალურად კი ჩემი ბიჭების იმედი ნამდვილად მაქვს”.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან