რაგბი

23:08 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუმსახურებელი მარცხი იაპონიასთან (+VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო თასისთვის მზადების ეგიდით მესამე თამაში გამართა და “ნიუკასლისა” (7:27) და კანადის ნაკრებთან (15:16) წაგების შემდეგ, იაპონიასთან 10:13 დამარცხდა.

წინა თამაშებისგან განსხვავებით, რაგბის ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრის ხილვის საშუალება მიეცა და შეიძლება ითქვას, რომ ტონგასთან მატჩის წინ “ბორჯღალოსნებმა” კარგად ივარჯიშეს. სწრაფი იაპონელები როგორც კი სივრცეს შენიშნავდნენ ხაზის გაჭრას ცდილობდნენ, ეს კუნძულელების სათამაშო სტილია და დაცვაში გუნდმა მართლაც მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღო. აღსანიშნავია, რომ მთელი საათი მეტოქეს სალელოვე შანსი არ მისცემია, მაგრამ დასკვნით 20 წუთში სამიდან ერთი შანსი გამოიყენა და მისი წყალობით იმარჯვა.

თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, “ბორჯღალოსნები” მარცხს არ იმსახურებდნენ და ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. გამოჩნდა, რომ მწვრთნელებს დიდი სამუშაო აქვთ დერეფანში და განსაკუთრებით, დაცვის მოლში, რადგან მეტოქის 10 ქულა სწორედ მოლის დამსახურებაა. გარდა ამისა, მორაგბეებს კვლავ ჰქონდათ ტექნიკური წუნი და მათი გამოსწორება მნიშვნელოვანია, რადგან მსგავს შეცდომებს მსოფლიო თასზე არავინ გვაპატიებს.

თამაში ისეთი იყო, მის სტატუსს რომ შეეფერებოდა. მეტოქეს და თავს არავინ ზოგავდა, მაგრამ მაინც აკლდა ის “მარილი”, რაც ოფიციალურ თამაშებს ახლავს. დებიუტი მეტოქის იყო და საქართველოს ნაკრები მოლის ჩაქცევისთვის პირველსავე წუთზე დაჯარიმდა, რაც იაპონიამ 3 ქულად აქცია. მე-5 წუთზე ფეხით თამაშისას მოედნის ცენტრში, თამაშგარისთვის დავჯარიმდით, თუმცა, ამჯერად დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა. მერე იაპონიამ ფაზები ააწყო და რამდენიმე წუთი ხელდახელ გვიტია, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრში დაჯარიმდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა.

საწყის წუთებში არ ვარგოდა დერეფანი და პირველ ჯერზე მეტოქე ვერც შერკინებაში დავძარით. თუ მეორე კომპონენტი გამოსწორდა, დერეფანში რამდენჯერმე ბურთი ისე ვერ გათამაშდა, როგორც საჭირო იყო. სამაგიეროდ, 10 წუთის შემდეგ ქართველები ინიციატივას დაეუფლნენ, ჯარიმა კარში არ დაარტყეს, დარტყმებით რომ არაფერი გამოვიდა ბურთი მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე, ხაზში გაშალეს, ფეხით შეცურებულ ბურთს მურაზ გიორგაძე მიყვა და ლელოში დაახტა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:3 მე-16 წუთზე.

ტაიმის შუაში უკვე იაპონიამ შეძლო ქართველთა 22-ში შეღწევა, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 28-ე წუთზე რეფერიმ იაპონელთა ნახევარზე ვიტო კოლელიშვილი დააჯარიმა და ყვითელი ბარათი უჩვენა. ამას ერთგვარი არეულობა მოჰყვა, თუმცა, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და სახიფათო თამაშისთვის სინბინით უკვე მეტოქე დაისაჯა. მალე სალელოვე შანსი გაჩნდა, მამუკა გორგოძე ორ იაპონელთან კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა და ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა, რომელმაც ხაზი გაჭრა, უკვე იაპონელთა 22-ში მორკინალების დარტყმამ შედეგი ვერ გამოიღო და კვირიკაშვილმა ჯარიმით 3 ქულის აღება განიზრახა, მაგრამ გასატანი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა და ტაიმი მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ფიზიკურად კარგ ფორმაში რომ არიან, თვალში საცემი იყო და კონტაქტებისას მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ. 47-ე წუთზე “ბორჯღალოსნებს” კიდევ ერთი სალელოვე შანსი მიეცათ, ცენტრთან დანიშნული შერკინებიდან გორგოძემ შეუტია და ბურთი გიორგაძეს გაატანა, მერე ისევ გორგოძემ ითამაშა და ამჯერად ასისტენტობა კოტე მიქაუტაძეს გაუწია. ბურთი მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დაიკარგა, თუმცა იაპონელების ფეხით მოგერიებული ბურთი გიორგაძის ნადავლი გახდა, შარიქაძეს გარღვევაზე კვირიკაშვილი გაჰყავდა, თუმცა, მან კიდესთან ბურთი ვერ შეიმაგრა და მეტოქე აშკარა ლელოს გადაურჩა.

ამის შემდეგ იაპონელებიც ამოქმედდნენ და რამდენჯერმე დაცვის ხაზი გაიჭრა, მაგრამ თავდადებული დაცვით მიძალების ლელოდან ნახევარ მეტრში შეჩერება მოხერხდა. 61-ე წუთზე ქართველებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, აზიელებმა ბურთს ფეხი წაკრეს და სწრაფი, სალელოვე კონტრშეტევა წამოიწყეს, მაგრამ შარიქაძემ ბოლომდე სდია ლტოლვილს და ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. 70-ე წუთზე იაპონია ცენტრთან დაჯარიმდა და ლაშა მალაღურაძემ ანგარიში 10:6 გახადა. ორიოდე წუთში, მას კარიდან მარჯვნივ, 22-მეტრიანი ხაზიდან შეეძლო უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა და საქართველოს ნაკრები თამაშს აღარ წააგებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მერე იაპონიამ ითამაშა ლელოზე, დერეფნიდან აგორებული მოლით 7-8 მეტრი დაფარა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.

სათამაშოდ წუთი რჩებოდა, რომელიც აზიელებმა კი გაიყვანეს, მაგრამ ბურთი მოედანს მიღმა ვერ გაიტანეს და საქართველოს ბოლო შანსი გაუჩნდა. საკუთარი ნახევრიდან დაწყებული შეტევით დაახლოებით 20 მეტრის გავლა მოხერხდა, თუმცა მერე ბურთი წინ გადავარდა და იაპონიამ 13:10 იმარჯვა.

5 სექტემბერი. ამხანაგური მატჩი

გლოსთერი (ინგლისი). “კინგსჰოლმი”.

იაპონია - საქართველო 13:10 (6:7) VIDEO

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ.).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი ფრუიძე.

1 ლელო: გიორგაძე

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

1 ჯარიმა: მალაღურაძე

1 სინბინი: კოლელიშვილი

0.277801