კალათბურთი

22:08 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიცია უსიამოვნო კუთხით დაირღვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამედ წარსდგა და წინა შემთხვევებში სასტარტო მატჩს აუცილებლად იგებდა, ამჯერად კი, ტრადიცია არასასიამოვნო კუთხით დაირღვა. ხორვატიის დედაქალაქში “ზაგრებ-არენაზე” გამართულ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა 1 ქულით წააგეს, ყველაზე სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ ბიჭებმა ჰოლანდიასთან წაიფორხილეს, რომელთან მოგებაც პროგრამა-მინიმუმად გამოიყურებოდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ შედეგს არალოგიკური ძნელია უწოდო. ჰოლანდია, რომელიც ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, წინ 30:30 წუთის განმავლობაში გახლდათ, საქართველო კი მხოლოდ 07:04 წუთს ლიდერობდა და მართალია, წინ შეხვედრის ბოლო წუთებისკენ გაიჭრა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. იგორ კოკოშკოვის შეგირდების უპირატესობამ მაქსიმუმს (5 ქულა) სწორედ ბოლოსკენ უწია და თითქოს, მატჩში გარდატეხა მომხდარი იყო, თუმცა, შეცდომებმა და დასკვნით შეტევაში უზუსტობამ წარუმატებლობა მოიტანა. არადა, მას შემდეგ, რაც დასკვნით მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენა უპირატესობად ვაქციეთ, წაგება განსაკუთრებით მწარე იყო.

ბოლო წამებზე მოგების შანსი ერთბაშად 3-ჯერ გვქონდა. ჯეიკობ პულენის შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და ბურთი აუტში გადავარდა. მსაჯებმა ეპიზოდი სადავოდ მიიჩნიეს და ვინაიდან ბურთის ფლობის მხრივ, საქართველოს ჯერი გახლდათ, კიდევ 1 შანსი მოგვეცა. მანუჩარ მარკოიშვილმა პირველ შემთხვევაში, ხერიანად ვერ შეუტია, მეორეჯერ კი, როდესაც ბურთი ისევ მასთან აღმოჩნდა, ფაქტობრივად, საფინალო სირენასთან ერთად ისროლა, თუმცა, მიზნამდე ცოტა დააკლდა და ჰოლანდიელთა ზეიმიც დაიწყო.

მარცხის მიზეზი არაერთი გახლდათ, თუმცა, უმთავრესად ფარქვეშ სუსტი თამაში უნდა მივიჩნიოთ. ისეთი შემადგენლობის მყოლ ნაკრებთან, როგორიც ჰოლანდიაა, სამწამიანი ზონა მაქსიმალურად უნდა დაგვეტვირთვა, არადა, ისე გამოვიდა, რომ სწორედ აქ დავიჩაგრეთ. “ნარინჯისფრებმა” სამწამიანიდან 32 ქულა ჩააგდეს, საქართველომ კი – მხოლოდ 24.

არადა, საქართველოს ეროვნული გუნდის სტატისტიკიდან გამომდინარე, 9 ზუსტი სამქულიანი და მხოლოდ 1 აცილებული საჯარიმო (18-დან 17), წესით, მოსაგებად საკმარისი უნდა ყოფილიყო. ყველაფერი იმან გადაფარა, რომ ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 14 ორქულიანი გამოიყენა. აქვე ვთქვათ, რომ მეტოქემ მინიმალურად (37:36) მოხსნებშიც გვაჯობა, სათადარიგო კალათბურთელების მიერ აღებულ ქულებში კი – 33:20.

სამწუხაროდ, სრულფასოვანი შემცვლელების არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის კვლავაც თავისტკივილად რჩება და ამჯერადაც, რომ არა დუდა სანაძის ჩინებული თამაში, დასაკვეხნი არაფერი გვექნებოდა (ჰოლანდიელმა სამარქაფოებმა ჩვენებს 33:20 აჯობეს). დუდამ თამაშიდან 5-დან 4 ტყორცნა (3-დან 3 სამქულიანი) გამოიყენა და იმ ფაქტში, რომ თამაშს მიწურულისკენ ინტრიგა მიეცა, მისი დიდი დამსახურება გახლდათ.

ის სარგებელი, რასაც მისგან ველით, ვერ მოიტანა ჯეიკობ პულენმა. მართალია, გადამწყვეტ წუთებში კოკოშკოვი ცინცაძის ნაცვლად სწორედ მას ენდო და ჯეიკობმაც უმნიშვნელოვანესი სამქულიანი და ჯარიმები ჩააგდო, თუმცა, საერთო სტატისტიკა უკეთესის სურვილს ტოვებს. ნატურალიზებულმა ამერიკელმა 25:17 წუთში თამაშიდან 8-დან ერთადერთი ქულა გამოიყენა და შვიდ ქულას დასჯერდა.

სასიხარულო იყო, რომ ჩვეული ფორმა მალე აღიდგინა თორნიკე შენგელიამ. ის ზაზა ფაჩულიასთან ერთად, ყველაზე შედეგიანი (16 ქულა) იყო და რამდენიმე ეპიზოდში მეტოქეები საფირმო მოძრაობებით სახტად დატოვა. 10-ქულიან ზღვარს სანაძე და მარკოიშვილიც ასცდნენ და ლიდერთა წინამძღოლობით, საქართველოს ნაკრებმა ჩინებული “გაქცევაც” (22:5) მოაწყო, თუმცა, ბოლო წამებზე იღბალი მეტოქის მხარეს იყო. მანამდეც, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა შარლონ კლოოფმა (22 ქულა) ფარიდან ისეთი სამქულიანი ჩააგდო, მატჩის შემდეგ, იმას გაიძახოდა, რომ ვამტკიცო, სროლას ასე ვაპირებდი, მაინც არ დამიჯერებთო.

ცხადია, პირველი მატჩის წაგებით, დაკარგული არაფერია და იმის იმედიც გვაქვს, რომ დარჩენილ მატჩებში ქართველი კალათბურთელები უკეთ ითამაშებენ, თუმცა, მისია (მერვედფინალში გასვლა) რომ ურთულესი შესასრულებელი იქნება, ფაქტია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე C ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ სლოვენიის ეროვნულ გუნდათან ელის, რომელიც საღამოს გახსნით შეხვედრას მასპინძელ ხორვატიასთან ჩაატარებს.

საქართველო 72:73 ჰოლანდია (17:17, 9:19, 22:22, 24:15)
საქართველო: ცინცაძე 8, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 1 ქულა, 9 მოხსნა, შენგელია 16 ქულა, 8 მოხსნა, ფაჩულია 16; პულენი 7, შერმადინი 2, სანაძე 11, ფაცაცია, ბურჯანაძე

ჰოლანდია: კლოოფი 22, უორსი დე იონგი 16, ნორელი 8, სმეულდერსი 8, ხერაზი 2, აკერბოომი 5, შაფტენაარი 6, ნიკოლას დე იონგი 4, სლაგტერი 2
სრული სტატისტიკა: 72:73

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.14209