პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ საგანგაშო, მოუმზადებელი ნაბიჯები გადადგა.
“ჩვენ გვსურს ვნახოთ “მანჩესტერის” მოთამაშეების ბრწყინვალება. ჯორჯ ბესტის, პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, როი კინის, ვან ნისტელროის მსგავსი ვარსკვლავები გუნდში არ ჩანან. სად არიან “მანჩესტერის” ვარსკვლავები? მათ ვერ ვხედავ.
მანჩესტერში” ყოველთვის თამაშობდნენ შექმნელი ტიპის ფეხბურთელები, მათ შემოქმედებითი თამაშის უნარი ჰქონდათ, თუმცა დღეს საპირისპირო ვითარებაა. შეძენილ ფეხბურთელთაგან ამ თვისებებით რადამელ ფალკაო და ანხელ დი მარია გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათ შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მიეცათ.
“მანჩესტერმა” სატრანსფერო პოლიტიკაში მოუმზადებელი და საგანგაშო გადაწყვეტილებები მიიღო. დიდი თანხის გაღების შემდეგ კლუბმა სწრაფი პროგრესი უნდა განიცადოს” – აღნიშნა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ირანის ნაკრებს წვრთნის.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედმა” 108,1 მილიონი სტერლინგი დახარჯა.