რაგბი

22:26 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დიდი 10” დაიწყო!

საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ამიერიდან “დიდი 10” ეწოდება, ორი თბილისური და ერთი ქუთაისური მატჩით გაიხსნა.

თბილისელებზე ერთი საათით ადრე, ქუთაისის სარაგბო სტადიონის მოედანზე “აიასა” და რუსთავის “ხარების” მორაგბეები გავიდნენ. სტუმრები პირველ ტაიმში ჯარიმებით ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი ლელოთი დათმეს - 6:11. თამაში რომ განახლდა “ხარებმა” კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ “აიასგან” ორი ლელო გაუშვა, გარდასახვებიც ზუსტი იყო და ქუთაისელებმა 25:9 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერეს (ლელოებით 3:0).

“ავჭალაზე” მისულმა გულშემატკივარმა ულელოო, მაგრამ დაძაბული ბრძოლა იხილა. უძლიერესებში დაბრუნებულმა “აკადემიამ” ქვეყნის ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” არაფერი დაუთმო, მაგრამ უფრო გამოცდილმა გუნდმა მაინც იმარჯვა. “ლელო-სარასენსი” ორი ჯარიმით დაწინაურდა, “აკადემიამ” ერთი ჯარიმა შესვენებამდე, ხოლო მეორე თამაშის განახლების შემდეგ გაქვითა, თუმცა ჩემპიონმა მორიგი ზუსტი დარტყმით მაინც იმარჯვა - 9:6.

დაძაბული გამოდგა “შევარდენზე” გამართული მატჩიც, სადაც “არმაზი” “ბათუმს” მასპინძლობდა. დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ზღვისპირელებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, მაგრამ “არმაზმა” ჩამორჩენა ჯერ ჯარიმით შეამცირა, შემდეგ კი ლელო გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, 1 ქულით დაწინაურდა. “ბათუმმა” 3-ქულიანი დარტყმით ტაიმი მოიგო და მეორე ნახევარში 16:11 დაწინაურდა, რაზეც “არმაზმა” მეორე ლელოთი უპასუხა და ამჯერად გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მაგრამ სტუმრებმა ჯარიმით შეძლეს უპირატესობის დაბრუნება, მერე ლელო გაიტანეს და ზუსტი გარდასახვით მეტოქისთვის მიუწვდომლები გახდნენ - 26:18 “ბათუმის” სასარგებლოდ.

კვირას თბილისში კიდევ ორი თამაშია და ისინი 18 საათზე დაიწყება. დედაქალაქურ დერბიში “არმია” “ლოკომოტივს” “ავჭალაზე” ეთამაშება, ხოლო გორის “ჯიქი” და ბოლნისის “ყოჩები” ერთმანეთს ნეიტრალურ “შევარდენზე” შეერკინებიან.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. I ტური

5 სექტემბერი

ქუთაისი. “აია”.

აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 25:9 (11:6)

თბილისის. “ავჭალა”.

აკადემია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 6:9 (3:6)

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 18:26 (11:13)

6 სექტემბერი

თბილისის. “ავჭალა”. 18:00 საათი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი

ჯიქი (გორი) - ყოჩები (ბოლნისი)

0.323767