კალათბურთი

16:46 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ კალათბურთელებს “ზაგრებ-არენაზე” ასამდე ქომაგი გაამხნევებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ზაგრებ-არენაზეა და ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ემზადება. ქართული გუნდის ავტობუსი სარბიელზე 15:45 საათზე მივიდა და მცირე სიურორიზიც ელოდა. შესასვლელთან კალათბურთელებს შესაბამის ატრიბუტიკაში გამოწყობილი 30-მდე ქომაგი დახვდა. დარბაზთან ქართველ ქომაგთა კიდევ 3 ჯგუფი ვნახეთ. წინასწარი ვარაუდით, პრინციპულ შეხვედრაში ნაკრების გამხნევებას ასამდე ქომაგი შეეცდება.

უფრო მრავლად არიან ჰოლანდიელი ფანები. დარბაზში ნარინჯისფერ ფორმაში გამოწყობილი უკვე ათეულობით გულშემატკივარი ზის და მათი სიმცირე გარეთაც ნამდვილად არ შეინიშნება. ამ მხრივ, ვითარების გამოსარკვევად მომხიბლავი გარეგნობის ქალბატონს მივმართეთ, რომელსაც რალფ დე პაგტერის მაისური ემოსა. ის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მეგობარი გოგონა აღმოჩნდა და იმედი გამოთქვა, რომ რალფი დღეს წარმატებით ითამაშებდა... მანვე გვითხრა, რომ თამაშზე მინიმუმ 200 ჰოლანდიელი ფანი იქნება.

ყველაზე უცნაური დარბაზს მიღმა ჰოლანდიელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხილვა იყო. ტოონ ვან ჰელფტერენმა შეგირდები დარბაზში შეაცილა, გარეთ კი სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებს ელოდა. აღსანიშნავია, რომ ის, ჩინებული მისაუბრე აღმოჩნდა. უხასიათობას არ უჩიოდა, თუმცა, ეტყობოდა, რომ მომავალ მატჩზე იყო კონცენტრირებული.

“რა უნდა გითხრათ? ურთულესი მატჩი იქნება. საქართველო საუკეთესო შემადგენლობითაა წარმოდგენილი და ინდივიდუალური ქმედებებით თქვენი ნაკრების დაჯაბვნა ძალიან გაგვიჭირდება. შედეგს კარგი გუნდური თამაში თუ მოგვიტანს. დღეს, ევრობასკეტზე პირველი მატჩი გვაქვს და ეს, მას პრინციპულობას მატებს. თუ ვიმარჯვეთ, დარჩენილ შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - აღნიშნა ვან ჰელფტერენმა, რომელსაც უკვე დარბაზში ეჩქარებოდა.

მატჩამდე 15 წუთი ადრე ყველა ქართველი უკვე დარბაზშია. ისინი ძირითადად, ერთ სექტორში სხედან და ომახიანი შეძახილებით, უკვე კალათბურთელთა ყურადღებაც მიიქციეს. იმედია, ეს ფაქტორი მომავალ წარმატებაზე ზეგავლენას იქონიებს.

ახლა კი, საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულიც: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე.

დათო მანჯავიძე სპეციალურად Worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.108079