“გუნდმა დღევანდელი მატჩი უნდა დაივიწყოს, წინ დიდი გზა გველის. ეს გამარჯვება მხოლოდ სამომავლო წარმატებისთვის თუ გამოდგება”, - კახა ცხადაძემ ეს სიტყვები შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ გააჟღერა.
ისე, ბოლოს გახსოვთ როდის მოხდა, რომ ჩვენი ნაკრების კარში დარტყმულ ბურთთა გრაფაში ნული ეწერა? - სწორედ ასე იყო თბილისურ მატჩში. შოტლანდია დიდად ფანტაზიური და რომანტიული ფეხბურთის თამაშით არასდროს გამოირჩეოდა და ახლაც არ გამოირჩევა, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის მიღწევას არამც და არამც არ აკნინებს.
გორდონ სტრაჩანმა პრესკონფერენციაზე კი დაიწუწუნა ფრე შეიძლებოდაო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცდილ სკოტთან შედავება მომიწევს – მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო სტუმრებს სხვა თუ არაფერი კარის ჩარჩოში უნდა დაერტყათ... თუ არ ჩავთვლით სტივენ ფლეტჩერის ძელს (იქაც თამაშგარე დაფიქსირდა) და საბა კვირკველიას ფეხიდან აჭრილ ბურთს, პატივცემული სტრაჩანის გუნდს დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია.
მართალია, ამ მხრივ დიდად ვერც ჩვენ გამოვირჩეოდით, მაგრამ მშვენიერი კომბინაციური და ლამაზი გოლი გავიტანეთ, არანაკლების გატანა ლევან მჭედლიძეს ორჯერ შეეძლო, როცა ერთ შემთხვევაში მარშალის მზადყოფნა მოსინჯა, ხოლო მეორე ჯერზე ბურთი ბადეს გარედან მოარტყა. არადა, ორივე კარგი ეპიზოდი იყო. ერთხელ თორნიკე ოქრიაშვილმაც დააყოვნა გადაწყვეტილების მიღება და იმის ნაცვლად რომ სტუმარი მეკარე “გაეხვრიტა”, ბურთის თრევა იქ დაიყო, სადაც საჭირო არ იყო.
ასევე რთულია გავიხსენოთ მატჩი, როცა საქართველოს ნაკრებს ბურთი დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში დაიჭირა ისე, რომ მეტოქე მას არც შეხებოდა. ესეც პოზიტივია, გინდ შოტლანდიას ხვდებოდე, გინდ გიბრალტარს.
დაცვაშიც გამართულად ვიდექით. განსაკუთრებით საბა კვირკველიას თამაში უნდა გამოიყოს. ამ ბიჭს ვერცერთი შოტლანდიელი გაექცა და თავის გრძელ ფეხებს მშვენივრად იყენებდა, თანაც ვარდნების დროს სუფთად, წესების სრული დაცვით ითამაშა.
დავინახეთ, რომ ჩვენს გუნდში რაღაც პოტენციალი ჩანს, რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, მაგრამ აკი თქვა კიდეც ცხადაძემ კმაყოფილი არ ვარ, რადგან სამუშაო და გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვსო. მოდით დავუჯეროთ მას – ეს, ის შემთხვევაა, როდესაც მან ჩვენზე უკეთ იცის, სად პლუსი აქვს ნაკრებს და სად მინუსი.
ერთიცაა – არსებობენ უხერხული მეტოქეები, რომლებთანაც თამაში გრანდებსაც უჭირთ. ეჭვი მაქვს, შოტლანდიელებისთვის უპირველს უხერხულ მეტოქედ ჩვენ ვიქეცით. 2007 წელს, ევროპის ჩემპიონატზე არ გავუშვით. ვინ იცის, თბილისური მარცხიც ბრიტანელებისთვის იგივეს მომასწავებელი აღმოჩნდეს.
თუმცა, ჩვენ მათი მდგომარეობა ნაკლებად ან საერთოდ არ გვაღელვებს. ჩვენი გვაინტერესებს და გვტკივა. მიმდინარე შესარჩევი ციკლი მთლიანად მომდევნოს სამზადისია და კარგია, რომ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც ერთი წლის შემდეგ ახალ ეტაპს დაიწყებს. ისიც ვთქვათ, რომ შოტლანდიაზე განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეები განგებამ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში არ გვარგუნა და იქნებ ეს ფაქტორი ერთხელ და სამუდამოდ საჩვენოდ გამოვიყენოთ... ვინ იცის, ასეც მოხდეს!
რაც მენიშნა: ყოველთვის ისე იყო, რომ საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილად ტაიმების მიწურულს გაშვებული გოლები მიიჩნეოდა. გუშინ პირიქით მოხდა – 38-ე წუთზე იქეთ გავუტანეთ. ეგ კი არა, ოქრიაშვილის ზემოხსენებული ეპიზოდიც ტაიმის ბოლო წუთზე იყო და ლამის მეორეც შევაგდეთ. ისიც სასიამოვნო სანახავი გახლდათ, რომ არცერთი ფეხბურთელი არცერთი წამით მოდუნებულა, თამაშში ბოლომდე ჩართულნი იყვნენ და მოედნის თითოეული გოჯისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. კარგია, კარგი ბრძოლითა და მონდომებით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. მთავარია, ეს ერთჯერადი ხასიათის არ იყოს და სისტემატური სახე მიიღოს...
ჰო, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ასეთი გახარებული ხალხი ბოლოს 2011 წელს, ხორვატიასთან მატჩში მახსოვს, ოღონდ ერთი და დიდი განსხვავებით – მაშინ “დინამო არენა” პირთამდე სავსე იყო, ამჯერად კი – სანახევროდ. არადა, როგორ მოუხდებოდა გუშინდელ წარმატებას 55 ათასი ქართველი!..