ფეხბურთი

14:11 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო მჭედლიძე, გლადიატორი - კანკავა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის შესარჩევ ციკლში პირველი საშინაო მატჩი მოიგო. ვაკო ყაზაიშვილის 38-ე წუთზე გატანილი გოლი კახა ცხადაძის გუნდს შოტლანდიელთა დასამარცხებლად ეყო.

განვიხილოთ იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებიც “ჯვაროსნების” დამრიგებელმა ამ მატჩში მოედანზე გაიყვანა.

ნუკრი რევიშვილი 6.5 – ნუკრის დიდი საქმე არ ჰქონია. ყოველშემთხვევაში სქოთებს მის კარში ზუსტად არ დაურტყამთ. რევიშვილი დამაჯერებელი იყო გამოსვლების დროსაც და მისი თამაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო.

უჩა ლობჟანიძე 6 – ლობჟანიძეს კრიტიკა არ აკლია ხოლმე. თუმცა ეს, ის შემთხვევაა, როცა ნაკრების მარჯვენა მცველის მიმართ ბევრი სასაყვედურო არ უნდა გვქონდეს. “ომონიას” უკანახაზელმა დაცვაში თავისი ფუნქციები თითქმის უშეცდომოდ შეასრულა და პირველ ტაიმში შეტევაში ჩართვასაც ცდილობდა. მეორე 45 წუთში წინ იშვიათად მიდიოდა.

საბა კვირკველია 7.5 – “რუბინის” მცველი დამაჯერებელი იყო. საბას დროულმა ვარდნებმა ჩვენი ნაკრები ხიფათისგან რამდენჯერმე იხსნა. ფაქტობრივად უშეცდომო იყო საჰაერო ორთაბრძოლებისას. გარდა ამისა, არც თანაგუნდელების დაზღვევა დავიწყებია.

ალექსანდრე ამისულაშვილი 6.5 – ამისულაშვილი სამ ცენტრალურ მცველს შორის შუაში ირჯებოდა. ძნელია მასზე აუგის თქმა, რადგან გამოცდილი ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდა. იყო ეპიზოდები, როცა მისმა დროულმა ბურთის ამოტანამ თუ ჩაჭრამ შოტლანდიელთა სახიფათო იერიშებიც განმუხტა.

გურამ კაშია 7 – “ვიტესის” მცველი მოედანზე ნამდვილი მეომარივით იყო. საბოლოო ჯამში გურამმა მაღალი დონის მატჩი ჩაატარა.

გიორგი ნავალოვსკი 6.5 – ვერაფერს დავუწუნებთ გორის “დილას” ფლანგელს. გიორგი ტრადიციულად 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და დაცვის გარდა, შეტევებში ჩართვისთვისაც იცლიდა, რაც ასე გვენატრებოდა ხოლმე ჩვენი ნაკრების თამაშებზე. ერთხელ ლამის მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზეც გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მოწინააღმდეგემ ბურთი დაატოვებინა.

ჯაბა კანკავა 6.5 - ჯაბასგან სხვა თამაშს აღარც ველით. იყო ის, რასაც მიგვაჩვია – ბრიტანელებს არაფერი დაუთმო. რაც მთავარია, საგოლე შეტევა მან დაიწყო.

ჯანო ანანიძე 6 - მოსკოვის “სპარტაკში” უთამაშებლობა დასტყობია. ფიზიკურად სუსტ ჯანოს შოტლანდიელებთან ძალისმიერი ეპიზოდებში შესვლა უძნელდებოდა. მიუხედავად ამისა, იყო მომენტები, როცა თავისი მოედნის ხედვით ხიფათი შექმნა. ისიც ვთქვათ, რომ ჯანო ტკვილიგამაყუჩებლებით თამაშობდა.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 – ვაკოს ლამაზი გოლით მოვიგეთ. თანაც ისეთი გოლით, კლასი და შესრულება რომ უნდა. არადა, პირველივე წუთებზე მჭედლიძესა და ოქრიაშვილზე ლამის საგოლე პასი არ გააკეთა და ცუდად დაარტყა. საბედნიეროდ, ეს შეცდომა სრულად გამოასწორა. მეორე ნახევარში უფრო ინერტული იყო, მაგრამ ეს მის ღვაწლს არ აკნინებს.

თორნიკე ოქრიაშვილი 5.5 – ოქრიაშვილს მოსამატებელი აქვს. ცდილობდა მეტოქეების მოტყუებას, მაგრამ გუნდური თამაში ნაკლებად გამოსდიოდა. ერთ ეპიზოდში ანანიძის ჩინებული პასით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ იმდენად დააყოვნა, რომ ვერაფერს გამორჩა. 70-ე წუთზე იგი შეცვალეს.

ლევან მჭედლიძე 8 – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ცალსახად! ლევანი არცერთი წუთი გაჩერებულა. მეტოქეებიც მოატყუა, იბრძოლა, თავით პასები ანაწილა, კარშიც სახიფათოდ დაარტყა. ვაკოს გოლშიც ლომის წილი დაიდო და ასისტენტად მოგვევლინა. უნდა ითქვას, რომ გოლსაც იმსახურებდა.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – მერებაშვილმა 70-ე წუთზე ოქრიაშვილი შეცვალა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, არც გაუფუჭებია.

ბუბა დაუშვილი შ.გ – “კარპატის” საყრდენმა მოედანზე ბოლო 10 წუთი გაატარა.

მათე ვაწაძე შ.გ – მათე მოედანზე 92-ე წუთზე გამოვიდა. ამით ცხადაძემ დრო გაიყვანა და შეცვალა მჭედლიძე, რომელიც გულშემატკივარმა ოვაციებით გააცილა.

კახა ცხადაძე 7 – რომ არა ის, ალბათ, ამ მატჩს ვერ მოვიგებდით. ნაკრების თამაშში რაღა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვიგეთ. თანაც, ამჯერად გუნდს აშკარად ეტყობოდა კომბინაციური ფეხბურთი და არ იყო მხოლოდ ქაოტური შეტევები ან ბურთის უაზრო მოცილება. გუნდი დაცვაშიც საკმაოდ შეთამაშებული გახლდათ.

0.118963