სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან ახალი 2015-16 წლების სეზონისათვის მზადებას ერთ-ერთი პირველი საკალათბურთო კლუბი ,,ოლიმპი” შეუდგა. გუნდი ჯერ თბილისში, ,,არენას’’ სასპორტო ბაზაზე შეიკრიბა, სადაც ვარჯიშებსა და საშინაო თამაშებს ატარებს, შემდეგ კი ერთკვირიანი შეკრება დაბა ხარაგაულში გაიარა. ამჟამად ,,ოლიმპი’’ თბილისში იმყოფება და ახალი სეზისონისათვის მზადებას ,, არენაზე’’ განაგრძობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ,,ოლიმპის’’ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანთან, რომელიც პარალელურად საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობს.
-დღეიდან იწყება ევრო-2015-ის ფინალური ეტაპი, სადაც პლანეტის წამყვან გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ ტურნირზე ჩვენი კალათბურთელებისაგან?
-საქართველოს ნაკრებმა, არსებობის განმავლობაში ყველაზე კარგ შემადგენლობას მოუყარა თავი. ტრავმირებული არავინაა და გუნდის თითოეულ წევრსაც საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. ერთი სიტყვით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯგუფიდან გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნაკრებს შეუძლია 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი საგზურისთვისაც კი იბრძოლოს.
-ვის თვლით ,,დ’’ ჯგუფში (საქართველო, საბერძნეთი, ხორვატია,სლოვენია,მაკედონია, ჰოლანდია), მომდევნო ეტაპზე გამსვლელ პირველ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლაში საქართველოს უშუალო კონკურენტად?
-ჩვენი ნაკრების უშუალო კონკურენტები მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები იქნებიან.
-ჯგუფის ფავორიტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
-ჯგუფზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საბერძნეთი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.
-ჩემპიონატის პირველ სამეულში რომელ გუნდებს დაასახელებდით?
-საფრანგეთი, საბერძნეთ, ესპანეთი.
-თქვენს მიერ გაწვრთნილმა 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ,,ბ’’ დივიზიონში მერვე ადგილი დაიკავა...
-უკეთესი ადგილის დაკავებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯგუფში ჩვენზე ძლიერი შვედეთისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოვხვდით, რომლებმაც ტურნირის ფინალი ითამაშეს და ,,ა’’ დივიზიონის საგზური მოიპოვეს.
-18 წლამდელთა ნაკრებში თუ არიან ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ?
-ნაკრების რამდენიმე წევრი უცხოეთის გუნდებში თამაშობს. თითოეულ მათგანს, თუ კარგად იშრომებენ, აქვთ შანსი ეროვნულ ნაკრებში თამაშიც დაიმსახურონ.
-ახლა ,,ოლიმპის“ შესახებ გკითხავთ, გუნდში სიახლე ხომ არაფერია?
-დავიმატეთ ცენტრალური თადამსხმელი მილან ოულიჩი. ამ კალათბურთელს კარგად ვიცნობ, მას სუპერლიგაში რამდენიმე წლის წინ, კონკრეტულად კი დინამოში აქვს ნათამაშები.
-უცხოელი კალათბურთელის დამატებას კიდევ ხომ არ აპირებთ?
-უკანახაზელის დამატებას ვაპირებთ, რომლის ვინაობასაც მალე შეიტყობთ.
-ქართველებიდან თუ დაიმატეთ ვინმე?
-ძველი შემადგენლობიდან კონტრაქტები ნოდარ გოგოძეს, კახა ტომარაძეს, ნუგზარ აბულაძესა და გეგი ბაქრაძეს გავუხანგრძლივეთ. ,,ოლიმპის’’ 20 წლამდელთა გუნდიდან კი გიორგი გუგეშაშვილი და დათო ლომიძე დავიმატეთ. გუნდის დაკომპლექტება გრძელდება. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ გუნდის როგორც ყოფილ წევრებთან, ისე სხვა ქართველ კალათბურთელებთან.
-ხარაგაულის შეკრებით კმაყოფილი ხართ?
-რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. აქცენტი ძირითადად ფიზმომზადებაზე გვქონდა გაკეთებული. შიგადაშიგ ტექნიკის დახვეწაზეც ვმუშაობდით.
-ახალი სეზონისათვის მზადების მიზნით შეკრების გავლას კიდევ ხომ არ აპირებთ?
-გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით კი თბილისში ვიმყოფებით და ახალი სეზონისათვის მზადებას ,,არენას’’ სასპორტო დარბაზში ვაგრძელებთ.