ფეხბურთი

22:35 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე შოტლანდიასთან მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი გახლდათ, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაკრებმა თამაში მეტად უნდა გააუმჯობესოს.

კახა ცხადაძე: “მართალია გულშემატკივარი ცოტა იყო და ეს გულდასაწყვეტია, თუმცა მადლობა მათ ვინც სტადიონზე მოვიდა.

თამაშს რაც შეეხება, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მოტივაციის მხრივ შოტლანდიას უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მატჩი მოვიგეთ. მნიშვნელოვანია ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ კარგი თამაში. ასეთ ნაკრებებთან თამაშით გუნდი უფრო დაიხვეწება.

შოტლანდიამ 100%-იანი მომენტი ვერ შექმნა, ჩვენ რაც შეგვეხება, შეტევაში უფრო მეტი სითამამე გვმართებდა. თამაშის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი დონის თამაშების სერია უნდა დავიწყოთ, დავიხვეწოთ და ეს ყველაფერი მომავლისთვისაა გათვლილი.

- გუნდმა თქვენი საფეხბურთო ფილოსოფია ბოლომდე გაანალიზა თუ კიდევ არის სამუშაო?

- ყოველთვის მიხარია ფეხბურთელის ამბიცია. თუ ფეხბურთელს ემოცია მოეძალა, ეს მისი საქმეა და ამ ფაქტზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ერთი თამაშის მოსაგებად არ უნდა ვიბრძოლოთ, მიზნად დადებითი შედეგის მიღწევა უნდა გვქონდეს. მიზანი წარმატებისკენ სწრაფვაა და ეს ყველაფერი ერთად დგომით მიიღწევა. მთავარია საქმეს სწორად მივუდგეთ. ეროვნული ნაკრების ქვეყნის სახეა და მინდა ყველა გაერთიანდეს მიზნის მიღწევაში. დიდი მადლობა ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის.

გუნდს წინ დიდი გზა ელის. ნაკრები მომდევნო მატჩს ირლანდიაში გამართავს და ეროვნულმა ნაკრებმა დღევანდელი მატჩი უნდა დაივიწყოს. “ჯვაროსნებმა” მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ და დღევანდელი თამაში წარსულს ჩააბარონ, ეს ყველაფერი კი გუნდს სამომავლო წარმატებისთვის გამოადგება...

ცხადაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში თბილისში პირველი მატჩი მოიგო. ეროვნული გუნდი მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს ირლანდიაში “ავივა სთედიუმზე” გამართავს.

1. გერმანია 7 5 1 1 17:4 16
2. პოლონეთი 7 4 2 1 20:4 14
3. ირლანდია 7 3 3 1 16:5 12
4. შოტლანდია 7 3 2 2 12:7 11
5. საქართველო 7 2 0 5 5:13 6
6. გიბრალტარი 7 0 0 7 1:38 0
0.117345