ფეხბურთი

22:20 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ სიტყვა შეასრულა
შოტლანდიისთვის არასასურველი ისტორია გამეორდა

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს მატჩამდე არ დაუმალავს, რომ შოტლანდიასთან გამარჯვებას გეგმავდა. მისი თქმით, უკვე მომწიფდა სიტუაცია, როდესაც შესარჩევში გუნდს პირველი თამაში უნდა მოეგო. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ძალიან რთული ბრძოლა ელოდა მეტოქესთან, რომელიც გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ცხადაძემ სიტყვა შეასრულა და საქართველომ სამი ქულა აიღო.

გორდონ სტრაჩანს ისტორიის გამეორების არ სჯეროდა და მატჩამდე პრესკონფერენციაზე იხუმრა კიდეც, რომ 2007 წლის მერე დიდი დრო გავიდა და მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ “აივოჩი” ექნებოდა. შოტლანდიელთა თავკაცს “აივოჩი” კი შერჩა, მაგრამ ისტორია 8 წლის მერე მართლაც გამეორდა და შოტლანდია საქართველოს დედაქალაქიდან ისევ უქულოდ წავიდა.

მატჩი ფეარ პლეის საერთაშორისო დღეს შედგა. ცხადაძემ დაპირებისამებრ კვლავ სამი ცენტრალური მცველი – ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია და გურამ კაშია დააყენა. მარჯვენა ფლანგი უჩა ლობჟანიძეს ჩააბარა, ხოლო მარცხენა – გიორგი ნავალოვსკის. ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავა და ჯანო ანანიძე მოქმედებდნენ, ხოლო შემტევ ტრიოს ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე შეადგენდნენ. მჭედლიძემ გოლი 2007 წლის 17 ოქტომბერს, ევრო-2008-ის შესარჩევში შოტლანდიასთან მოგებულ (2:1) მატჩშიც გაიტანა.

შოტლანდიელი ფანები ტრადიციულ კილტებში გამოწყობილი თამაშამდე ლუდით “მოითელნენ” და ჯერ კიდევ მსაჯის სასტვენამდე სამხრეთ ტრიბუნაზე მსხდომნი თავისი ნაკრების მხარდაჭერას შეუდგნენ. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მყოფმა ქართველმა ფანებმა შოტლანდიელებს მხურვალე ქომაგობითვე უპასუხეს.

მატჩის დებიუტშივე ქართველებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ რატომღაც ყაზაიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა, არადა, ოქრიაშვილი და მჭედლიძე ეხსნებოდნენ და უკეთესი გაგრძელების მოძებნაც შეეძლო.

შოტლანდიელებმა მეტოქეს რამდენიმე წუთში უპასუხეს და სტივენ ნეისმიტი კინაღამ რევიშვილთან პირისპირ დარჩა.

მჭედლიძემ ტრიბუნები მე-20 წუთზე გამოაცოცხლა, როდესაც სამ შოტლანდიელს გასცდა და საჯარიმოს ხაზიდან მცირედ არაზუსტად დაარტყა.

საპასუხო შეტევაში ნეისმიტი მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და გადაცემა გააკეთა, ხოლო ხიფათი ვარდნაში კვირკველიამ განმუხტა – ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის შუაწელში ენდრიუ რობერტსონმა მარცხნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში სახიფათო პასი გააკეთა და სტივენ ფლეტჩერს კვირკველია რომ არ ჩავარდნოდა ფეხებში, შესაძლოა, შოტლანდიელს ახლო მანძილიდან ვარდნაში გაეტანა.

38-ე წუთზე ყაზაიშვილმა პატარა შედევრი შექმნა, როდესაც კანკავას პასის მერე, მჭედლიძემ თავით გადაცემა “ვიტესის” ნახევარმცველს გაუკეთა, ვაკომ კი ერთი შეხებით ბურთი ისე მიიღო, რომ ჯერ შოტლანდიელი ჩამოიცილა, ხოლო შემდეგ ნახევრადბრუნში “ცაციათი” საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0. აქამდე, ყაზაიშვილს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ამხანაგურში გაეტანა მალტისთვის.

ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში, ქართველებიც კონტრშეტევის დროს, ანანიძემ დასარტყმელ პოზიციაზე ოქრიაშვილი გაიყვანა, რომელმაც ბურთი მეტოქის კარისკენ არ გაგზავნა და მხოლოდ კუთხური “მოინადირა”. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, კანკავამ თავით უზუსტოდ დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანანიძემ და ოქრიაშვილმა კუთხური გაითამაშეს, რის მერეც ანანიძემ შოტლანდიელთა საჯარიმოში კაშია მოძებნა, რომელმაც სუსტად დაარტყა და დევიდ მარშალი ბურთს დაეუფლა.

ტაიმის შუაწელში საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს, მჭედლიძემ თამაში საკუთარ თავზე აიღო და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა – მარშალმა ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.

ცხადაძემ თამაშში მერებაშვილი ჩართო ოქრიაშვილის ნაცვლად, რომელმაც მოედანი უკმაყოფილო დატოვა.

მასპინძელთა კართან სიტუაცია მას მერე გამწვავდა, რაც შოტლანდიელებმა მარცხნიდან საჯარიმოში პასი გააკეთეს და ბურთი კვირკველიას ფეხიდან “მოიჭრა”, მაგრამ რევიშვილმა იყოჩაღა.

მჭედლიძეს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ ჰქონდა, როცა ანანიძის გადაცემის შემდეგ, “სქოთების” საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ძლიერად დაარტყა და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე საქართველოს ნაკრები გადარჩა, როდესაც ჩარლი მალგრიუმ კუთხური ჩააწოდა და სტივენ ფლეტჩერმა თავით ახლო მანძილიდან ააცილა.

საქართველო – შოტლანდია 1:0 (1:0)

4 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.

საქართველო: რევიშვილი, ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია, შოთა კაშია, ნავალოვსკი, ლობჟანიძე, ოქრიაშვილი (მერებაშვილი, 71), კანკავა (კ), ანანიძე (დაუშვილი, 82), ყაზაიშვილი, მჭედლიძე (ვაწაძე, 90+3).

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი (ჰენლი, 59), რასელ მარტინი, მალგრიუ, მელონი, მორისონი, ბრაუნი (კ), ანია (გრიფიტსი, 75), სტივენ ფლეტჩერი, ნეისმიტი (ფორესტი, 59).

მთავარი მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი.

გოლი: 1:0 ყაზაიშვილი (38), ანანიძე (44), ნავალოვსკი (78)

გაფრთხილებები: კაშია (9)

მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

1. გერმანია 7 5 1 1 17:4 16
2. პოლონეთი 7 4 2 1 20:4 14
3. შოტლანდია 7 3 2 2 12:7 11
4. ირლანდია 7 2 4 1 12:5 10
5. საქართველო 7 2 0 5 5:13 6
6. გიბრალტარი 7 0 1 6 1:34 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.26334